ნაგავსაყრელი


ნაგავსაყრელი დილას ყოველთვის ერთნაირად იღვიძებს - მძაფრი სუნით, ჩიტების უხეში ხმებით და იმ სიჩუმით, რომელიც მხოლოდ მიტოვებულ ადგილებს აქვთ. მენაგვე ნელა მოდიოდა, თითქოს მიწას უსმენდა. ხელთათმანები გაცვეთილი ჰქონდა, მაგრამ მოძრაობები - ზუსტი. ის აქ ყოველდღე მოდიოდა, თითქოს ვიღაცას სტუმრობდა.

ნაგვის ყუთი გადაბრუნებული იდგა. ძველი, რკინის, შიგნით ჩარჩენილი წარწერით: „დროებით“.

- ისევ აქ ხარ, - თქვა მენაგვემ და ცოცხს დაეყრდნო.

- აქ ყოველთვის ვარ, - უპასუხა ყუთმა. მისი ხმა ლითონის ჟღერადობას ჰგავდა, მაგრამ სიტყვები - ადამიანური იყო. - შენ მიდიხარ, მე ვრჩები.

მენაგვემ ჩაიღიმა.

- შენ გგონია, რომ რჩები, - თქვა მან. - სინამდვილეში, შენში ყველაფერი მიდის.

- მიდის? - ჩაიცინა ყუთმა. - მე ხომ სწორედ ის ვარ, სადაც ყველაფერი მთავრდება.

- არა, - თავი გააქნია მენაგვემ. - აქ არაფერი მთავრდება. აქ მხოლოდ გადადის. ადამიანი აგდებს იმას, რაც ვერ ატარა. შენ ინახავ იმას, რასაც მათ ვერ გაუძლეს.

ყუთი ცოტა ხნით გაჩუმდა. ქარმა შიგნით ჩარჩენილი პოლიეთილენი ააფრიალა.

- და შენ? - ჰკითხა ბოლოს. - შენ რას აკეთებ აქ ყოველდღე?

მენაგვემ ცოცხი მიწაზე დადო.

- მე ვუყურებ, - თქვა ჩუმად. - რას თმობენ ადამიანები. რას უწოდებენ ნაგავს. და რას ვერ ბედავენ თავის თავში დატოვებას.

- მე მათ სირცხვილს ვატარებ, - თქვა ყუთმა. - დამსხვრეულ ნივთებს, წერილებს, ძველ ფოტოებს, დაუმთავრებელ ფიქრებს.

- სწორედ ამიტომ ხარ მძიმე, - უპასუხა მენაგვემ. - არა შიგნით რაც დევს, არამედ ის, რაც გარეთ დარჩა.

ყუთი თითქოს დაიძაბა.

- შენ ფიქრობ, რომ მე ცუდი ვარ?

მენაგვემ თავი ასწია და ცას შეხედა, რომელიც ნაგავსაყრელზეც კი ლურჯი იყო.

- არა, - თქვა მან. - შენ აუცილებელი ხარ. ადამიანი შენ გარეშე ვერ იცოცხლებდა. მაგრამ ტრაგედია ისაა, რომ ბოლოს ერთმანეთს ემსგავსებით: ის, ვინც აგდებს, და ის, ვინც იღებს.

ყუთმა ამოიოხრა - რკინა ოდნავ დაიჭრიალა.

- და ბოლოს რა ხდება?

მენაგვემ ცოცხი აიღო და მუშაობა განაგრძო.

- ბოლოს, - თქვა მან, - ნაგავსაყრელი ქალაქად იქცევა. და ქალაქი - დიდ ყუთად.
და მაშინ ვეღარავინ მიხვდება, ვინ ასუფთავებს ვის.

მენაგვე წავიდა.
ნაგვის ყუთი მარტო დარჩა.
შიგნით კი ქარი მოძრაობდა - როგორც ფიქრი.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2023 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი