საკუთარი ცა


მე ვარ მიქაელი.
არ დავბადებულვარ ცის ქვეშ —
ცა ჩემში დაიბადა,
იმ წამს,
როცა პირველმა სიტყვამ
საკუთარი ჩრდილი შეიცნო.
სამყარო ერთხელ უკვე დაინგრა,
მე მაშინ დავიწყე წერა.
არ მქონდა კალამი —
მქონდა ხელი,
არ მქონდა მელანი —
მქონდა სისხლი,
და ციდან ჩამოვხიე უსასრულობა
და საკუთარ სისხლში გავახვიე.
მთელი უსასრულობა შევკარი ერთ სიტყვაში —
და ავფეთქდი დენთივით.
ჩემი სიტყვა შევარდა სამყაროში,
როგორც უცნობი ღმერთი
დახურულ კარში.
სიჩუმე დავტენე სიტყვებით
და სამყაროს შევუტიე.
ცა გავხიე შუაზე.
იქ არავინ დამხვდა.
არც ღმერთი,
არც ანგელოზი,
არც ჩემი სახელი.
მხოლოდ სინათლე იდგა,
რომელსაც საკუთარი სიბნელის ეშინოდა.
მე კი ჩავედი.
ვარსკვლავთა სიკვდილში ჩავედი,
რომ სინათლეს თავისი სიბნელე შეეცნო.
იქ ვისწავლე,
რომ ყველაზე ნათელი ვარსკვლავიც
ოდესღაც საკუთარ თავში ქრება.
იქ ვისწავლე,
რომ ღმერთი ზოგჯერ
ის ერთადერთი კითხვაა,
რომელსაც პასუხი აღარ სჭირდება.
საკუთარ ღმერთს შევხედე
და თვალებში ავფეთქდი.
მას ჩემი სახე ჰქონდა.
იმ წამს
ღმერთებს ცა წავართვი.
მზე ჩავკეტე ოკეანეში
და ღმერთებს სიბნელე დავუტოვე.
ოკეანე ცას გადაეკიდა,
სიღრმე — სიმაღლეს.
ოკეანემ ცა გადაყლაპა,
მე კი ორივეს შორის დავრჩი.
ზემოთ —
უსასრულობა.
ქვემოთ —
უსასრულობა.
შუაში —
მიქაელი.
ვარსკვლავთა მთელი ჯარი მოვიდა,
მაგრამ ჩემში ერთი ღმერთიც ვერ იპოვა.
მაშინ მივხვდი:
ღმერთი არ უნდა იპოვო.
უნდა შექმნა.
სიტყვით.
ტკივილით.
სიჩუმით.
და მერე
საკუთარ ქმნილებაც უნდა შეაშინო.
ცა აღარ იყო ცა.
ღმერთო, გილოცავ!
მე უკვე მქონდა
საკუთარი ცა.
ის არ იყო ზემოთ.
ის ჩემში იყო.
და როცა უკანასკნელი ვარსკვლავიც ჩაქრა,
მე ისევ დავწერე.
რადგან ჩემთვის
სიბნელე არასოდეს ყოფილა დასასრული.
სიბნელე იყო ქაღალდი.
მე კი —
მიქაელი.
პოეტი,
რომელმაც ერთხელ
ცა გააპო,
ერთხელ
ოკეანე გადაყლაპა,
ერთხელ
ღმერთს თვალებში შეხედა,
და ბოლოს მიხვდა —
საკუთარი ცა
საკუთარი ხელით უნდა დაწერო.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი