გაფრენილი ანგელოზები
ვუყვარვარ სიკვდილს. ეს პირველად მაშინ გავიგე, როცა ექიმმა ოთახში შემოსვლისას ფანჯარა დახურა. გარეთ ნეონები წვიმაში ცურავდნენ. ქალაქი ისე ანათებდა, თითქოს ვიღაცას ცა დაევიწყებინა და ქუჩებში დაეკიდა. მონიტორი ჩემს გვერდით თანაბრად წკაპუნებდა. მისი მწვანე ხაზი ადიოდა, ეცემოდა, ისევ ადიოდა - პატარა მთას ჰგავდა, რომელიც ყოველ წამს საკუთარ თავს ივიწყებდა. ექიმი ჩემთან მოვიდა. არაფერი უთქვამს. მხოლოდ მაჯაზე შემეხო. მის თითებზე სისხლი იყო. მე გამეღიმა. - არ შეგეშინდეს - მე შენ არ გადანაშაულებ. მან თვალებში შემომხედა. იმ წამს მისი სახე ორად გაიყო. ერთი ექიმი იდგა ჩემ წინ. მეორე კი ჭერზე ეკიდა, თავდაყირა, თეთრ ხალათში - როგორც მკვდარი ანგელოზი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა სამუშაო. - შენ უბრალოდ ჩემი სხეულის უკანასკნელი მებაღე ხარ, - ვუთხარი, - რომელმაც იცოდა, რომ ეს ყვავილი გაზაფხულამდე ვერ მიაღწევდა. მან თავი დახარა. მე კი პირველად მივხვდი, რომ ოთახში სუნთქავდა არა ადამიანი, არამედ ჩემი სხეული. მე უკვე აღარ ვსუნთქავდი. ჩემი სხეული სუნთქავდა ჩემ მაგივრად. ეს უცნაური აღმოჩნდა. ადამიანი მთელი ცხოვრება ფიქრობს, რომ სხეული მისი სახლია, სანამ სიკვდილის წინ არ აღმოაჩენს, რომ თვითონ ყოფილა მხოლოდ სტუმარი. ექიმო, შენი ხელები ჩემს სისხლში ჩარჩენილი ორი ჩიტია. ისინი ფრთებს ამოძრავებენ, მაგრამ ვერსად ვერ მიდიან. მათ შევხედე და მომეჩვენა, რომ ფრთებიდან ნეონის პატარა ბუმბულები ცვიოდა. მწვანე. ლურჯი. იისფერი. ყველაფერი ანათებდა. საწოლი. კედლები. ნემსი. ჩემი სისხლი. შენი თვალებიც კი. მერე კარი გაიღო და დერეფანში ჩემი ბავშვობა დავინახე. პატარა ბიჭი იდგა იქ. ფეხშიშველი. ხელში ვაშლი ეჭირა. მომხედა და მკითხა: - რატომ მომიყვანე აქ? პასუხი ვერ გავეცი. იმიტომ, რომ ბავშვობისთვის ყოველთვის ძალიან გვიან ვბრუნდებით. მონიტორმა უცებ ჩაიცინა. მისი ხმა ოთახში ადამიანურ სიცილად გაიფანტა. და მე დავინახე, როგორ ამოფრინდნენ ჩემი სისხლიდან პატარა შავი არსებები. დოზები. ისინი სისხლში იპარებოდნენ, ვით გაფრენილი ანგელოზები. მაგრამ ახლა აღარ ჰგავდნენ ანგელოზებს. მათ ფრთებზე ჩემი სახელები ეწერა. ყველა ის სახელი, რომლითაც ოდესმე საკუთარ თავს ვუწოდებდი. შვილი. მეგობარი. დამნაშავე. ავადმყოფი. ადამიანი. არავინ. ერთმა მათგანმა ყურში ჩამჩურჩულა: - ჩვენ შენ არ მოგკლავთ. - აბა ვინ? - ის, რაც ჩვენ შემდეგ დარჩება. მაშინ გავიგე ყველაზე საშინელი რამ: სიკვდილი არ მოდის. სიკვდილი უბრალოდ ელოდება, როდის აღარ დაგჭირდება მისთვის ადგილის დათმობა. ჩემს საწოლთან დადებული ცარიელი სკამი შევამჩნიე. იქ არავინ იჯდა. მაგრამ ვიცოდი, ვიღაცას ელოდებოდა. - ვინ ზის იქ? - ვკითხე. ექიმმა უკან გაიხედა. - არავინ. მე გავიღიმე. - სწორედ ამიტომ მეშინია. სკამზე ჩემი ჩრდილი იჯდა. მე კი პირველად დავინახე, რომ ჩრდილიც შეიძლება მოკვდეს. ექიმმა ჩემი ხელი დაიჭირა. მის თითებზე ისევ იყო სისხლი. მე აღარ მინდოდა მისი ხელის გაშვება. - და თუ ჩემი სისხლი ხელებზე დაგრჩება, - ვუთხარი, - ნუ დაიბან მათ მაშინვე. ექიმი გაჩუმდა. - იქ ჩემი უკანასკნელი წამია, - გავაგრძელე, - და მინდა, სანამ წახვალ, ვიღაცის ხელებში მაინც დავრჩე. ამჯერად მან თვალები დახარა. გარეთ ქალაქის ნეონები ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდნენ. თითქოს ვიღაც აქრობდა ვარსკვლავებს. მე კი უცებ მშვიდი გავხდი. სიკვდილი ისევ იქ იყო. ცარიელ სკამზე. მაგრამ ახლა აღარ მეშინოდა. რადგან მივხვდი: ადამიანს სიკვდილის ეშინია მხოლოდ მანამდე, სანამ ჰგონია, რომ სიკვდილი დასასრულია. ზოგჯერ დასასრული მხოლოდ ოთახის მეორე კარია. და ზოგჯერ კარი არ იღება. ზოგჯერ შენ ხდები კარი. ექიმო... თუ ოდესმე ამ ღამეს გაიხსენებ, ნუ გაიხსენებ ჩემს სახეს. სახეები კვდებიან ყველაზე სწრაფად. გაიხსენე ჩემი ხელი. ის წამი, როცა შენს ხელში იყო. და თუ ოდესმე იგრძნობ, რომ ხელებზე ისევ გაქვს ჩემი სისხლი, იცოდე: ეს სისხლი აღარ იქნება. ეს უბრალოდ დრო იქნება. ჩემი დრო. შენი დრო. ადამიანის დრო. და ალბათ ამიტომაც ვუყვარვარ სიკვდილს. არა იმიტომ, რომ ჩემი წაყვანა უნდა. არამედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მონიტორმა ერთხელ კიდევ გაიჟღერა. მწვანე ხაზი ავიდა. შემდეგ დაეცა. ექიმმა ჩემს ხელს ხელი გაუშვა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მან რამდენიმე წამი უძრავად მიყურა. შემდეგ ადგა. კარისკენ წავიდა. მაგრამ გასვლამდე უკან მოიხედა. ცარიელ სკამზე ისევ ვიჯექი. მხოლოდ ამჯერად ჩრდილის გარეშე. ექიმმა კარი გარედან ჩაკეტა. ოთახში სიჩუმე დარჩა. ნეონები ფანჯარაზე ნელ-ნელა ქრებოდნენ. მონიტორის მწვანე ხაზი ჯერ კიდევ მოძრაობდა. ერთხელ. ორჯერ. შემდეგ დიდხანს - აღარაფერი. დერეფანშიც ჩაქრა უკანასკნელი სინათლე. ცარიელი სკამიდან ჩუმად გაისმა: - ექიმო... ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი