ბოტასები


დილა ჯერ არ იყო დილა
მაგრამ ადამიანი უკვე დარბოდა

ერთი წრე
მეორე წრე
მესამე წრე
ქალაქი კი ყოველ შემოვლაზე ცოტათი პატარავდებოდა

მას ეგონა
ჯანმრთელობას ეძებდა
ჯანმრთელობა კი მის წინ დარბოდა

ბოტასები ხმას არ იღებდნენ
მაგრამ მათი ძირებიდან ყოველდღე ერთი ასო ცვიოდა

ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
და მერე ყველა დღე ერთ დიდ ფეხსაცმლად იქცა

ერთ დილას
მარცხენა ბოტასი გაიხა

არა ხმაურით
არამედ აზრით

ფეხი მიწას შეეხო
და პირველად იგრძნო ადამიანმა
რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში
სწორედ მიწას გაურბოდა

ის მაინც აგრძელებდა სირბილს

ახლა უკვე ცალი ფეხსაცმლით
ცალი ფეხშიშველი
და სრულიად მრგვალი ცხოვრებით

წრე არ დასრულებულა

დასრულდა მხოლოდ ბოტასი

მაგრამ საღამოს
ნაგვის ურნასთან
გახეული ფეხსაცმელი ისევ წრეზე დარბოდა

და ადამიანს
სახლში დაბრუნებულს
ფეხები აღარ ჰქონდა დასაბრუნებელი

ავტორი მიხეილ ჭიჭინაძე
მიქაელი
2026 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი