ნეონის ქვეშ
ქალაქი დღესაც წვიმას ელის, როგორც ძველ მეგობარს - გვიან მოსულს… მე ფანჯარასთან ვსვამ ჩემს ჩაის და ვუსმენ, როგორ მღერის ლიფტი ცივ სართულებს შორის. ქუჩებს ისევ აცვიათ ნეონი, როგორც იაფი კაბა ბალზე. და მე მიყვარხარ ისე ჩუმად, როგორც რეკლამა ღამით - ხმამაღლა არავის ესმის. მითხარი, რამდენი სართულია ცამდე? მე ისევ ფეხით ავალ, თუ შენ ზემოდან გადმომხედავ… ნეონის ქვეშ ვცეკვავთ მარტო, ქარი გვიცვლის როლებს. შენ ხარ ჩემი დროებითი ღმერთი, მე - შენი დაუწერელი ლოცვა. და თუ დილა ისევ დაგვასწრებს, არ თქვა, რომ არაფერი იყო - ქალაქი ხომ გვიმახსოვრებს. სარკეში ვხედავ ორ ადამიანს - ერთი მე ვარ, მეორე - შიში. შენ მოდიხარ როგორც სიგარეტის კვამლი, ჩუმად, მაგრამ ყველაფერს იკავებ. რადიო ძველ სიმღერას უშვებს, სიტყვებს, რომლებიც არ მეკუთვნის. მაგრამ მე მაინც გეძახი, თითქოს შენი სახელი პაროლია ამ ღამისთვის. მითხარი, რამდენი ქუჩაა დავიწყებამდე? მე ყველა მათგანს დავარქმევ შენს სახელს, რომ გზა არ დამეკარგოს… ნეონის ქვეშ ვცეკვავთ მარტო, ქარი გვიცვლის როლებს. შენ ხარ ჩემი დროებითი ღმერთი, მე - შენი დაუწერელი ლოცვა. და თუ დილა ისევ დაგვასწრებს, არ თქვა, რომ არაფერი იყო - ქალაქი ხომ გვიმახსოვრებს. თუ წავალ, არ დამირეკო… თუ დარჩები, არ გამაღვიძო… ჩვენს შორის სიმართლე პატარაა - მაგრამ საკმარისი, რომ გადაიტანოს ღამე… ნეონის ქვეშ ვცეკვავთ მარტო, როგორც უკანასკნელი გმირები. შენ ხარ ჩემი დროებითი ღმერთი, მე - შენი მშვიდი რევოლუცია. და როცა დილა ყველაფერს წაშლის, ჩვენ მაინც დავრჩებით - ქალაქის ფარულ მელოდიად! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი