დიაგნოზი
ქალაქი მიცნობს, მაგრამ სახელს არ მეძახის, ყველა ჭკვიანია - და მაინც ვერავინ ფიქრობს. ვდგავარ შუაში, როგორც წერტილი წინადადებაში, რომელიც ღმერთმა დაწერა და მერე გადაიფიქრა. ყველა რაღაცას ყიდის - სიტყვას, რწმენას, თავს, მე კი ვყიდი სიჩუმეს, ძვირად, საკუთარ თავში. ამბობენ: „ნორმალური იყავი“, ნორმალური? - ეს ხომ დიაგნოზია, ძმაო, არა სტილი. მკითხეს: „რა გინდა?“ ვუთხარი: „არაფერი“ - და შეეშინდათ. როცა ადამიანს არაფერი უნდა, ის უკვე საშიშია სისტემისთვის. მე არ ვარ კარგი ბიჭი, მაგრამ ცუდიც ვერ გამოვედი. მე ვარ სადღაც შუაში, სადაც ღმერთებს აღარ ეცინებათ. მე არ ვარ გმირი, არც მსხვერპლი ბოლომდე, უბრალოდ ვდგავარ და ვუყურებ, როგორ იშლება ქვეყანა რეკლამებში. ყველას უნდა სიმართლე, ოღონდ არა ახლოს, არა შიგნით. სიმართლე კარგია მანამდე, სანამ სარკეში არ დაგხედავს პირდაპირ. მე მყავს მეგობრები - სიგარეტი და ღამე, ორივე გკლავს ნელა, მაგრამ გულწრფელად. პატიოსნება აქ ძვირი ღირს, მოტყუება - აქციაშია, ყოველდღე. ამბობენ: „დრო შეიცვლება“, დრო არ იცვლება - ჩვენ ვძველდებით. იდეები ისევ ახალგაზრდაა, ადამიანები - უკვე დაღლილი. თუ ღმერთი არსებობს - ალბათ გადაიღალა. თუ არ არსებობს - მაშინ ჩვენ ვართ დამნაშავეები. და თუ სიმართლე სადღაც შუაშია, რატომ გვრცხვენია ყველაზე მეტად სწორედ იქ? მე არ გთავაზობ გამოსავალს, მე უბრალოდ ვწერ ანგარიშს. ეს არ არის პროტესტი - ეს არის დიაგნოზი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი