ღმერთი, რომელსაც ჩრდილი აღარ ჰყოფნის
სიღრმე სიმაღლეს ახლა თავში ზრდის, და მოდის ღმერთი, როგორც ფაშიზმი; ცა მუხლებს იკრავს - მაგრამ არ ლოცულობს, რადგან ღმერთს უკვე აღარ აქვს ბიბლია - მას აქვს მხოლოდ ბრძანება. ქვის გულში ჩასულ ჭიანჭველასავით ადამიანი ღმერთამდე ავიდა, და ღმერთი - მის ნაცვლად - ქვემოთ ჩამოვიდა, რომ გაეგო, რას ნიშნავს სიმაღლე, როცა მწვერვალზე არავინ გელოდება. მე ვნახე დრო, რომელიც საკუთარ საათს ჭამდა, წამები კბილებში ეჭირა და ყოველ გადაყლაპულ „ახლას“ მომავალს არქმევდა. მაშინ მივხვდი: სამყარო არ შექმნილა. სამყარო ნელ-ნელა დაიწერა იმ შეცდომებით, რომელთა დაშვებაც ღმერთს რცხვენოდა. და ადამიანმა ღმერთს ჰკითხა: - რატომ მომეცი თავისუფლება? ღმერთმა უპასუხა: - იმიტომ, რომ მონობა ჩემთვისაც ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა. ცა გაჩუმდა. დედამიწამ ხმა შეიცვალა. და პირველად ისტორიაში სიმაღლემ სიღრმეს დაუჩოქა. იქ, სადაც ყველა მწვერვალი მთავრდება, ერთი პატარა უფსკრული დარჩა. მე შიგ ჩავიხედე. იქ არავინ იყო. იქ მე ვიყავი - სანამ გავხდებოდი „მე“. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი