კალკულატორი I - რიცხვებს შორის ჩუმი ღმერთი
ნულმა მითხრა: - დამთვალე. ერთმა უპასუხა: - ჯერ გამამრავლე. ორნი ერთმანეთს შეხვდნენ, როგორც ორი სარკე, და მათ შორის გაჩნდა მესამე - ის, ვინც არც იყო და მაინც ითვლებოდა. მე ვიჯექი ღამის მაგიდასთან, ეკრანზე ცივი ციფრები ციმციმებდნენ, და ვთვლიდი: რამდენი წამია სიცოცხლე, რამდენი კოცნა - დაკარგული, რამდენი სიტყვა - უთქმელი, რამდენი „მიყვარხარ“ დარჩა ყელში როგორც გაუხსნელი ფრჩხილი. დავწერე: 1 + 1 = 2. მაგრამ კალკულატორმა დიდხანს იფიქრა. მერე ეკრანზე მეორე პასუხი აინთო: 1 + 1 = ჩვენ. და მაშინ მივხვდი - ყველაზე დიდი შეცდომა მათემატიკაში ის რიცხვია, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს აკლებს. ვაკლებთ ბავშვობას, ვაკლებთ სიხარულს, ვაკლებთ მიცვალებულთა სახელებს, ვაკლებთ იმ დღეს, როცა ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად მოვიდოდა. ვყოფთ ერთმანეთს ერებად, ქვეყნებად, რწმენებად, სისხლად, საზღვრებად - და ბოლოს ვიღებთ ერთ პასუხს: არავინ. მაგრამ ნული იცინის. რადგან ნულმა იცის ის, რაც მეფეებმა ვერ გაიგეს: რომ არარაობა არ არის სიცარიელე. ნული არის კარი, რომლის მეორე მხარეს უსასრულობა სუნთქავს. მე კალკულატორს ვკითხე: - რამდენია უსასრულობა? მან არაფერი თქვა. ეკრანი ჩაქრა. და სიბნელეში პირველად გავიგონე რიცხვების ხმა: ერთი - როგორც გულის პირველი დარტყმა, ორი - როგორც პასუხი, სამი - როგორც ეჭვი, ოთხი - როგორც კედელი, ხუთი - როგორც ხელი, ექვსი - როგორც დაცემა, შვიდი - როგორც ცა, რვა - როგორც მობრუნებული მარადისობა, ცხრა - როგორც უკანასკნელი კარი, ნული - როგორც ყველა კარის არყოფნა. მაშინ დავწერე უკანასკნელი მაგალითი: სიცოცხლე - სიკვდილი = ? პასუხი არ მოვიდა. მხოლოდ დილა შემოვიდა ოთახში. და მივხვდი: ჩვენ მთელი ცხოვრება არ ვთვლით იმას, რაც გვაქვს. ჩვენ ვთვლით იმას, რის დაკარგვასაც ერთ დღეს ვერ შევძლებთ. კალკულატორი ისევ ჩავრთე. ეკრანზე მხოლოდ ერთი ციფრი ჩანდა: 1 და მის ქვემოთ - პატარა სიტყვა: „შენ.“ მე გავიღიმე. რადგან იმ წამს სამყაროს ყველა განტოლებამ ერთად შეწყვიტა მუშაობა. და პირველად რიცხვებმა იპოვეს ადამიანი. ავტორი: მიხეილ ჭიაჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი