კენგურუ
ერთხელ კენგურუმ ცას შეხედა და ცა ჯიბეში ჩაიდო. არავინ დაიჯერა. არც მთებმა. არც მდინარეებმა. არც იმ ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება ცას უყურებდა და მაინც ვერასდროს ხედავდა. კენგურუს ჰქონდა საიდუმლო: მას არ შეეძლო ფრენა, ამიტომ მიწა უნდა აეძულებინა ცა გამხდარიყო. მუხლები მოკეცა. დუმილი შეკრა. გული კვანძად. და ნახტომი. იმ წამს დედამიწასა და ცას შორის მანძილი აღარ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი წერტილი, სადაც ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ ერთსა და იმავეს ნიშნავდა: დაბრუნებას. კენგურუ დაეშვა. მაგრამ მიწაზე აღარ იდგა ის, ვინც აფრინდა. რაღაც ჰქონდა შეცვლილი. არა სხეული. არა თვალები. არამედ სიმძიმე. მას შემდეგ მისი ყოველი ნახტომი ცოტათი უფრო მსუბუქი გახდა, ვიდრე წინა. ადამიანებმა თქვეს: რა უცნაური ცხოველია. მეცინებოდა. რადგან ადამიანი ყოველთვის უცნაურს ეძახის იმას, რასაც საკუთარი სხეულით ვერ ხსნის. კენგურუმ კი იცოდა: სიმძიმე არ არის ის, რაც მიწისკენ გექაჩება. სიმძიმეა ის, რასაც გულში ატარებ და გგონია, რომ შენი სხეულია. ამიტომ ხტებოდა. არა გასაქცევად. არა მისაღწევად. არა გამარჯვებისთვის. ხტებოდა იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ცოტა ნაკლები ადამიანი ყოფილიყო მასში და ცოტა მეტი თავისუფლება. ერთ ღამეს კენგურუ მოკვდა. ცაზე ერთი ვარსკვლავი ჩაქრა. მეორე დღეს ადამიანები ამბობდნენ: „უბრალოდ ვარსკვლავი იყო.“ მაგრამ უდაბნომ იცოდა. მიწამ იცოდა. ქარმა იცოდა. და მეც გავიგე: ზოგი არსება მაშინ იწყებს ცხოვრებას, როცა აღარ შეუძლია ხტომა. რადგან მისი ბოლო ნახტომი სხეულიდან სამყაროში გადადის. იქ აღარ არის კენგურუ. არც მიწა. არც ცა. არის მხოლოდ ერთი უზარმაზარი უხილავი ჯიბე, სადაც სამყარომ თავისი პატარა გული დამალა და დაარქვა: კენგურუ. მიხეილ ჭიაჭინაძე ( მიქაელი ) 2016 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი