ღვთაებრივი ლაქა


ჩიტმა დამასკლინტა -

და უცებ მივხვდი:

ცა ყოველთვის სუფთა არ არის,
ზოგჯერ ღმერთსაც ეშლება ხელიდან
პატარა თეთრი შეცდომა.

თავზე დამეცა
ერთი წამი ფრენისა,
ერთი გრამი ზეცისა,
და ქუჩამ ჩაიცინა -
ქვასაც კი გაუჩნდა
საიდუმლო სახე.

მე ხელი შევახე ლაქას
და ცას შევხედე:

ეს შენი ხელწერაა?
ქარმა მიპასუხა:

არა -
ეს შენი მისამართია.

ჩიტი კი ზემოთ ავიდა,
ფრთებით დაჭრა დუმილი,
და ვერ გაიგო,
რომ მისმა უმნიშვნელო დაცემამ
ჩემში მთელი მეტაფიზიკა
თავდაყირა დააყენა.

ადამიანი ხომ ის არის,
ვინც თავზე დაცემულ შემთხვევას
ან შეურაცხყოფად იღებს,
ან ნიშნად.

მე ნიშანი ავირჩიე.

და იმ დღეს გავიგე:

სიდიადეს ზოგჯერ არ მოაქვს
მუზა, მეხი,
არც ანგელოზი ჩამოდის ზეციდან -
ზოგჯერ უბრალოდ ჩიტი გადაგიფრენს
და თავისი პატარა სიმართლით
შენს დიდ ამპარტავნებას დაასკლინტავს.

მას შემდეგ,
როცა ცაში ჩიტს ვხედავ,
ქუდს ვიხდი.

არა პატივისცემით -
მოლოდინით.

რადგან შეიძლება ისევ დამეცეს
ის, რასაც ზეცა
სიტყვებით ვერ ამბობს.

და თუ ოდესმე მკითხავენ:

რა დაგრჩა ამ ცხოვრებიდან?  -

ვეტყვი:

ერთი ჩიტის გაფრენა,
ერთი ლაქა მხარზე,
და ცოდნა,
რომ სამყაროს ყველაზე ღრმა პასუხი
ხანდახან იმდენად პატარაა,
რომ ჯერ იცინი -
და მერე
მთელი ცხოვრება ფიქრობ.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი