სად მიდგას ფეხი, სანამ ცისკენ ვიყურები


ფეხი ჩადგა განავალში  და სამყარომ უცებ შეწყვიტა სვლა, თითქოს დიდმა ფილოსოფოსმა პირველად იპოვა საკუთარი ფეხსაცმლის კვალი.
 
ერთი ნაბიჯი და მიწამ თქვა: აი, ახლა ხარ ნამდვილად აქ. რადგან სიწმინდეს ხშირად სუნი არა აქვს, ხოლო სიმართლე  ყოველთვის ტოვებს კვალს.
 
ადამიანი მაღლა იყურებოდა, ვარსკვლავებს ეკითხებოდა: საიდან მოვდივართ? ფეხქვეშ კი პასუხი ეგდო  დუმილით, თბილად, მიწიერად.
 
ჩვენ ვეძებთ ღმერთს ცაში, როცა ღმერთი შესაძლოა უბრალოდ ის იყოს, რაც გვაიძულებს დავიხაროთ და საკუთარი ნაბიჯი დავინახოთ.
 
ფეხი ავიღე. არ გავბრაზებულვარ მიწაზე. არც სამყაროსთვის დამიბრალებია - მე თვითონ გადავდგი ნაბიჯი.
 
და მაშინ მივხვდი:
 
ცხოვრება სისუფთავე კი არ არის - ცხოვრება არჩევანია, რამდენჯერ გაიწმენდ ფეხს და მაინც გააგრძელებ გზას.
 
ფეხსაცმელზე დარჩა ყავისფერი ნიშანი, გულზე უფრო ღრმა, უფრო უხმო. ერთი პატარა სირცხვილი და მთელი კაცობრიობის ბიოგრაფია.
 
ვარსკვლავებმა ისევ იბრწყინეს. ქარმა ისევ გადაუარა ბალახს. მე კი პირველად მივხვდი, რომ სრულყოფილებას სუნი არ უნდა ჰქონდეს -
 
მას უნდა ჰქონდეს ნაბიჯის გამბედაობა.
 
და როცა ბოლოს გავწმინდე ფეხი, მიწას ჩუმად ვუთხარი:
 
შენ არ დაგიმცირებივარ. შენ უბრალოდ გამახსენე, რომ სანამ ცისკენ გავიხედავ, ჯერ უნდა ვიცოდე, სად მიდგას ფეხი.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი