ჩაფურთხებული დედამიწა
დედამიწას კაცმა ფურთხი ესროლა და ფურთხი ცას მიეწება; მერე ღრუბელმა წვიმად ჩამოღვარა, რომ სირცხვილს მიწამდე მიეღწია. ქალაქებმა პირი დაიბანეს, ქარხნებმა კვამლით შეიმშრალეს ბაგე, ზღვამ კი ნელა, თითქოს არაფერი, თავისი ძველი ლურჯი სიტყვა გადაყლაპა. ჩვენ ვამბობდით: ეს მხოლოდ მიწაა. მიწა კი ჩუმად გვისწორებდა თვალს - რადგან ყველა ფეხის ქვეშ საკუთარ თავზე ვაბიჯებდით. ტყემ ფოთოლი აღარ დაგვიკარგა - თვითონ დაგვკარგა ჩვენ; მდინარემ აღარ დაგვიტოვა ანარეკლი, რადგან სახე აღარ გვქონდა, რომელიც წყალს ეცნო. და ერთ დილას დედამიწამ პირველად არ იტირა. ეს იყო ყველაზე საშინელი ხმა - როცა დედას აღარ ჰქონდა ცრემლი და შვილს პირველად გაუჩნდა კითხვა: თუ დედამიწასაც ამოეწურა პატიება, სად წავიღებთ ჩვენს ცოდვებს? მაშინ ცაზე ჩიტები გაჩერდნენ, ქარი საკუთარ თავს დაელაპარაკა, და ადამიანმა საკუთარ ხელებს შეხედა: ხელები - რომლებიც აშენებდნენ სახლებს, ანგრევდნენ სახლებს, წერდნენ ღმერთის სახელს და შემდეგ იმავე ხელით ღმერთის შექმნილ მიწას აფურთხებდნენ. მიწამ არაფერი გვიპასუხა. მხოლოდ ბრუნვა გააგრძელა. ეს იყო მისი განაჩენი - არა სიკვდილი, არა შურისძიება, არამედ კიდევ ერთი დღე, რომელშიც ჩვენ კვლავ უნდა გვეცხოვრა იმ პლანეტაზე, რომელიც საკუთარი სარკე იყო. და თუ ოდესმე ადამიანი სამყაროს დასასრულს იპოვის, იქნებ ბოლოს მიხვდეს: დედამიწა არ დაგვიღუპავს. ჩვენ უბრალოდ იმდენჯერ დავაფურთხეთ მის სახეს, რომ ერთ დღეს საკუთარი სახე ვეღარ ვიცანით. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2024 წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი