ეკალი
ეკალი არ იზრდება ვარდში, ის ვარდს ამხელს, როგორც სიტყვა ამხელს დუმილს, როცა დუმილი უკვე ტყუილია. მე ხელში ავიღე ერთი ეკალი და მთელი სამყარო დამეჭრა. არა სისხლით - უფრო საშინლად: გავიგე, რომ ტკივილს საკუთარი ხმა ჰქონია. ეკალმა მითხრა: „მე არ გტკენ. მე მხოლოდ იქ ვარ, სადაც შენ ზედმეტად ახლოს მოხვედი.“ და მაშინ მივხვდი - ადამიანი მთელი ცხოვრება საკუთარ ეკლებს ზრდის იმისთვის, რომ ბოლოს ვიღაცას უთხრას: „ნუ მომიახლოვდები.“ მაგრამ ყველაზე დიდი ეკალი სხეულს არ ერჭობა. ის სიტყვაა, რომელიც უნდა გეთქვა და არ თქვი. ის კარია, რომელიც უნდა გაგეღო და დაკეტე. ის ხელია, რომელსაც უნდა ჩასჭიდებოდი და გაუშვი. ის „მიყვარხარ“, რომელიც სიკვდილამდე გქონდა პირში და სიკვდილმა წაიღო უთქმელად. ამიტომაც, თუ ოდესმე ვარდს დაინახავ და ეკალს შეეხები, ნუ გაბრაზდები. იქნებ ვარდი თავის სილამაზეს იცავს. იქნებ ეკალი მისი ყველაზე ერთგული სიტყვაა. იქნებ ღმერთმა ყველაზე პატარაში ყველაზე დიდი კანონი ჩადო: რაც ყველაზე ლამაზია, მასაც აქვს საზღვარი. და მე, რომელსაც მთელი ცხოვრება საზღვრების გადალახვა მინდოდა, ერთ დღეს ეკალმა ერთი წვეთით მასწავლა ის, რაც წიგნებმა ვერ მასწავლეს: არ არის საჭირო ყველაფერს შეეხო, რათა მიხვდე - რა არის ნამდვილი. ზოგჯერ საკმარისია ერთი პატარა ეკალი და ერთი პატარა სისხლი, რომ მიხვდე: სამყარო კი არ გჭრის - შენ ხარ ის, ვინც საკუთარ თავთან ძალიან ახლოს მივიდა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი