დროის კრიტიკოსი


კრიტიკოსებო,
მოდით ახლოს.

ნუ დგახართ შორიდან
იმ წითელი კალმით,
რომლითაც სხვისი სისხლი
მართლწერის შეცდომად გეჩვენებათ.

მოდი.

დამადეთ სიტყვას ხელი -
თუ გაგიძლებთ.

მე უკვე ვიცი,
რას აკეთებს დრო
ადამიანის სახელთან.

ჯერ გვასწავლის
მის სწორად წარმოთქმას,
მერე გვავიწყებს.

ჯერ სახეს გვაძლევს,
მერე ნაოჭს,
მერე ფოტოს,
მერე მტვერს.

და ბოლოს -
ერთ პატარა თაროს
არქივში.

თქვენ კი წერას ასწრებთ.

მე -
დროს ვსვამ.

არა ჭიქით.

საათის მექანიზმიდან
ხელებით ვსვამ,
როგორც მწყურვალი კაცი
ჭიდან იღებს წყალს
და ვერ ხვდება,
რატომ დარჩა სოფელი
მოულოდნელად მშრალი.

თქვენ მეუბნებით:

- ეს უკვე დაწერილია.

მე გეკითხებით:

- სად?

მაჩვენეთ ადგილი.

მაჩვენეთ ის ადამიანი,
ვინც იმავე სიტყვას
იმავე ჭრილობით
ამბობდა.

მაჩვენეთ მისი ოთახი.

მისი ფანჯარა.

ის ღამე,
როცა სიტყვა პირველად
ყელში გაეჩხირა
და სისხლი გადაყლაპა.

თუ ვერ მაჩვენებთ -
ნუ მეუბნებით,
რომ უკვე იყო.

ყველაფერი იყო.

მაგრამ ასე - არა.

ერთი დედა
ათასჯერ იტირებს,
მაგრამ მისი შვილის სიკვდილი
ყოველ ჯერზე
პირველი სიკვდილია.

ერთი კაცი
ათასჯერ იტყვის მიყვარხარ,
მაგრამ როცა ამას
უკანასკნელად ამბობს -
სიტყვას უკვე
საფლავის მიწა აწერია.

აი, აქ იწყება პოეზია.

არა იქ,
სადაც სიტყვები ლამაზად დგანან.

იქ,
სადაც სიტყვა
ვერ უძლებს საკუთარ მნიშვნელობას.

ჩემი ლექსი
არ მინდა იყოს სუფთა.

სუფთა სიტყვებს
ხშირად არაფერი გადაუტანიათ.

მე მინდა,
მას ჰქონდეს ფრჩხილებში ჩარჩენილი ღამე,
კბილებზე შერჩენილი შიში,
მუხლებზე ჩამომჯდარი ბავშვობა
და გულში -
ერთი ისეთი ჭრილობა,
რომელიც ექიმმა ვერ იპოვა.

მე მინდა,
როცა წაიკითხავ,
რაღაც შენში
ადგილიდან დაიძრას.

არა აზრი.

რაღაც უფრო ძველი.

რაღაც,
რაც ბავშვობაში
დაკარგე
და დღემდე
სხვის თვალებში ეძებ.

კრიტიკოსებო,
თქვენი წითელი კალამი
არ მაშინებს.

ის მხოლოდ წითელია.

მე უფრო ძველი წითელი ვიცი.

სისხლის.

იმ ფერის,
რომელიც კაცს ეცლება
მანამდე,
სანამ თავისი ბოლო წინადადების
დაწერას მოასწრებს.

ერთი ვარსკვლავი
გავასწორე.

არავინ მიჯერებს.

მაგრამ იმ ღამეს
ცაზე პატარა სიცარიელე გაჩნდა
და ღმერთმა პირველად
გადაამოწმა ხელნაწერი.

იქაც ეწერა:

ცარსკვლავი არ აგვიანებს.
ჩვენ ვაგვიანებთ.

ეს წინადადება
ჩემს შესახებ არ არის.

შენს შესახებაც არაა.

ეს იმ ბავშვის შესახებ არის,
რომელმაც ფანჯარასთან
დედას დაუძახა
და დედამ ვერ გაიგონა.

თორმეტი წელი გავიდა.

ხმა კი
ჯერ კიდევ მიდის.

აი, რას ვერ ასწორებს
თქვენი კალამი.

დრო.

დრო ყველაზე უხეში რედაქტორია.

არ კითხულობს.

არ გეკითხება ავტორს.

არ ტოვებს შენიშვნას.

უბრალოდ მოდის
და ერთ დღეს
შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი
წარსულ დროში გადაჰყავს.

მე კი ვწერ
აწმყო დროში.

იმიტომ, რომ
ვინც მოკვდა,
ჩემს წინადადებაში
ჯერ კიდევ სუნთქავს.

ეს ჩემი დანაშაულია.

მე მკვდრებს
წარსულში არ ვტოვებ.

კრიტიკოსებო,
აი, ახლა გამაკრიტიკეთ.

მითხარით:

- ზედმეტად ემოციურია.

გეთანხმებით.

გული რომ არ ჰქონდეს,
ლექსს რა უნდა ვუყოთ?

მითხარით:

- ზედმეტად დიდია.

გეთანხმებით.

ადამიანის შიგნით
საკმარისი ადგილი არ არის
მისი ყველა ტკივილისთვის,
ამიტომ ზოგჯერ
ლექსი უნდა გაიზარდოს.

მითხარით:

- ეს უკვე იყო.

და მე ისევ გკითხავთ:

მაშინ რატომ მტკივა ახლა?

დუმილი.

აი, თქვენი პირველი მარცხი.

დუმილი.

რადგან ზოგჯერ
კრიტიკოსს სიტყვა კი არ ამარცხებს -

საკუთარი სიჩუმე.

თქვენ გინდათ
ჩემი ტექსტის შეფასება.

მე მინდა
თქვენი დარჩენილი დრო.

მომეცით ერთი წუთი.

არა -
ნუ მომცემთ.

ერთი წუთი ისედაც
მოგპარეთ.

ახლა რომ ამ სტრიქონს კითხულობ,
შენი ცხოვრების
ერთი პატარა ნაჭერი
უკვე აღარ არსებობს.

ვერ დაიბრუნებ.

ვერც მე.

აი, პოეზიის ყველაზე სასტიკი ძალა:

ის დროს არ აჩერებს.
ის გვაგებინებს,
რომ დრო უკვე გავიდა.

მომეცით ათი წუთი -
თქვენს ბავშვობას
სახელს დავუბრუნებ.

მომეცით ერთი ღამე -
თქვენს გარდაცვლილებს
სკამებს მივუდგამ.

მომეცით საუკუნე -
და თქვენი კრიტიკა
არქეოლოგებმა იპოვონ
ქვის ქვეშ.

მაგრამ ჩემი ერთი სიტყვა
იქ აღარ იქნება.

რატომ?

იმიტომ, რომ
სიტყვა, რომელსაც ახლა ვწერ,
მხოლოდ ახლა არსებობს.

ხვალ
უკვე მოგონება იქნება.

ზეგ -
ციტატა.

ასი წლის შემდეგ -
ვიღაცის აღმოჩენა.

და ათასი წლის შემდეგ
ვიღაც ბავშვი
მტვერში იპოვის ჩემს სახელს
და იკითხავს:

- ეს ვინ იყო?

არ ვიცი.

შეიძლება მეც აღარ ვიცოდე.

მაგრამ თუ ამ დროს
ჩემი ერთი სტრიქონი
მის გულში
უცნაურად ატკივდა -

მაშინ მე არ მოვკვდი.

არა იმიტომ, რომ
სახელი დამრჩა.

არამედ იმიტომ, რომ
ტკივილმა
გადაასწრო დროს.

აი, ეს მინდა.

არა ძეგლი.

არა დიდება.

არა ათასი ქულა.

ერთი ცოცხალი მკითხველი.

ერთი ადამიანი,
რომელიც ჩემს სიტყვასთან
მარტო დარჩება
ღამის სამ საათზე
და უცებ
ფანჯარაში გაიხედავს.

ვარსკვლავი იქნება.

ისეთი,
რომელიც ჯერ არ მომკვდარა.

ან იქნებ
უკვე მოკვდა
და ჩვენ მხოლოდ
მის წარსულ სინათლეს ვუყურებთ.

რა მნიშვნელობა აქვს?

მე მაინც
ვუყურებ.

რადგან მე დღევანდელი ვარ.

მე ამ წამში ვსუნთქავ.

ამ საუკუნის ხმაურში
ვწერ.

ეკრანების ცივ შუქში.

ალგორითმების ეპოქაში.

ათასობით ადამიანის
ერთდროულ ყურადღებაში
და მაინც -
საშინლად მარტო.

ჩემს თითებს
კლავიატურა ეხება.

ჩემს უკან
მილიარდი წელი დგას.

ჩემს წინ -
უცნობი.

და ამ ორ უფსკრულს შორის
ერთი პატარა ადამიანი ვარ,

რომელსაც მაინც ჰყოფნის სიგიჟე,
რომ დაწეროს:

მე აქ ვიყავი.

არა ქვაზე.

არა მარმარილოზე.

არა ისტორიაში.

აქ.

ამ წამში.

სანამ შენ კითხულობ.

კრიტიკოსებო,
ახლა შეგიძლიათ მოხვიდეთ.

კალმებიც მოიტანეთ.

წითელიც.

შავადაც დაწერეთ.

მომინიშნეთ შეცდომები.

ამოიღეთ სტრიქონები.

დამიწერეთ:

„ზედმეტია.“

„ძალიან ემოციურია.“

„არ არის სრულყოფილი.“

გეთანხმებით.

არ არის.

მე არ ვწერ სრულყოფილებას.

მე ვწერ იმას,
რაც სრულყოფილებას
ღამით ვერ აძინებს.

და თუ ოდესმე
ამ ლექსში
ერთი სიტყვა მაინც დარჩება,
რომელიც თქვენს წითელ კალამს
ვერ გაბედავს შეეხოს,

ნუ იფიქრებთ,
რომ სიტყვამ გაიმარჯვა.

უბრალოდ
დრო გავიდა.

თქვენც გაიარეთ.

მეც.

ჩვენმა ხმებმაც.

მაგრამ სადღაც,
ძალიან შორს,
ვიღაც კვლავ კითხულობს.

და იმ წამს
სამყარო ოდნავ ჩერდება.

არა იმიტომ,
რომ ლექსმა
დრო დაამარცხა.

არამედ იმიტომ,
რომ ერთხელ მაინც
დრომ ვერ მოასწრო
ადამიანის წართმევა.

მე ვარსკვლავის სიკვდილს
მის სინათლეზე ადრე ვწერ.

და როცა ის სინათლე
მოვა,

მე აღარ ვიქნები.

მაგრამ სიტყვა
იქნება.

და თუ ისიც მოკვდა -

არაუშავს.

ყველაფერს აქვს ბოლო.

მხოლოდ ერთ რამეს
ვერ ვაპატიებ დროს:

რომ ოდესღაც
ჩვენ ერთმანეთს შევხვდით
და მან იფიქრა,

რომ საკმარისად
დიდხანს მეყოფოდა.

საათი ახლა ჩუმად არის.

მე ვეკითხები:

- გეშინია?

მპასუხობს:

- არა.

- აბა რატომ გაჩუმდი?

- იმიტომ, რომ პირველად
ვიღაცამ მკითხა,
რამდენი დრო დამრჩა.

მე ვიცინი.

საათი არ იცინის.

და სწორედ მაშინ
მივხვდი:

დროის კრიტიკოსი მე კი არა ვარ.

------------ დროა !!!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი