სანამ ცა ზემოთ იყო


ქვებს არ სჭირდებათ პოეზია.
მათ უკვე იციან დაცემის ხმა.

და მახსენდება,
რომ ზოგჯერ
ადამიანი დაბადებამდეც დაცემულია.

დაცემას რა უნდა?
ადამიანს უბრალოდ
სიმაღლე უნდა მოენატროს.

ფრთები არ მქონია —
მაგრამ მაინც გავფრინდი.
ალბათ ამიტომ
მტკივა ახლა ცა.

ცა მტკივა.

ექიმმა მითხრა:

— არაფერია.

მე ვუთხარი:

— მაშინ რატომ მაქვს
ვარსკვლავები ნეკნებში?

მან პულსი მომისინჯა
და ხელი უკან წაიღო.

პულსს კბილები ჰქონდა.

მე საათი შევჭამე.

ახლა დრო
ჩემს მუცელში რეკავს.

დინ-დინ.

დინ-დინ.

ხუთშაბათი კვადრატია.

მე ქუჩაში გამოვედი
შარვლის გარეშე,
მაგრამ იდეებით ჩაცმული.

ქვემოთ კი
ერთი პატარა ქვა იდო.

ქვას შევხედე.

ქვამ მე შემომხედა.

და ორივემ ვიცოდით:

დაცემა ჯერ არ დამთავრებულა.

მაშინ ცას შევხედე.

ცამ ჯიბეები მოიქექა
და ერთი ძველი ვარსკვლავი
დამიბრუნა.

არ გამომადგა.

ვარსკვლავებს
ადამიანის ჯიბეები
არ უხდებათ.

იმ ღამეს
დრომ კედელი შეჭამა.

ოთახი გაქრა.

მე მაინც ვიჯექი.

სკამი აღარ არსებობდა,
მაგრამ მე ვიჯექი.

ალბათ ადამიანი სწორედ ეს არის:

დაჯდომა
არარსებულ სკამზე
და დარწმუნება,
რომ მიწა ჯერ კიდევ
გიჭერს.

და პირველად
ჩემს თავში
დაბადებამდე არსებული სიჩუმე
გატყდა.

მე არასოდეს დავცემულვარ.

მე ვიყავი ის,
რისგანაც სამყარო დაეცა.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი