სხვის ლექსს ნუ უსინჯავ მჟავიანობას
რა გეჩქარება, კაცო - ლექსია, ღვინო კი არა, რომ ჩაასხა ჭიქაში, შეანჯღრიო, დაყნოსო და სახე მიიღო: მჟავიანობა აკლია. ეს ქალაქი ისედაც ყოველ დილით კრიტიკოსად იღვიძებს - შუქნიშნებთან დგანან, წითელზე მსჯელობენ, მწვანეზე - სხვას ასწავლიან, ყვითელზე კი საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. მომისმინე, ბიჭიკო: სარკე თუ გაქვს - ჯერ საკუთარ სახეს ჰკითხე, რატომ არის ასეთი დაღლილი. კრიტიკოსს სარკე უჭირავს, მაგრამ შიგნით ხშირად მხოლოდ ჩარჩოა. და როცა ვერ შექმენი ის, რასაც სხვისგან ითხოვ, სიტყვას დანას ამსგავსებ და სხვის ყელზე გენიოსობას იმოწმებ. რა უცნაური ქალაქია - აქ პოეტს ეკითხებიან: რაზე დაწერე? მაგრამ არასდროს ეკითხებიან: რა გადაიხადე ამისთვის? აქ ლექსს ზომავენ სახაზავით, სისხლს - მილილიტრებით, ცრემლს - ზედმეტ ემოციად აცხადებენ, ხოლო სიჩუმეს აკადემიურ მიღწევად. აი, ამიტომაც მე ჩემს ლექსს ლაბორატორიაში არ შევიყვან. არ გავუკეთებ ანალიზს. არ დავუმტკიცებ ჟიურის, რომ ჩემი ტკივილი სტანდარტს აკმაყოფილებს. თუ სიტყვას სული აქვს - იცოცხლებს. თუ არა - ათი ქულაც ვერ გადაარჩენს. და შენ, მკითხველო, ნუ შემოხვალ აქ წითელი კალმით ხელში. შემოდი ფეხშიშველი. ეს ლექსი სკოლის რვეული არ არის. ეს არის კედელი, რომელზეც ღამით ვიღაცამ დაწერა: მე აქ ვიყავი. და დილით ქალაქმა ზედ რეკლამა გადააკრა. კრიტიკოსმა - შეფასება. მკითხველმა - სიცილი. პოეტმა კი კვლავ დაწერა. იმიტომ, რომ ზოგჯერ ერთადერთი პასუხი მათზე, ვინც არაფერს ქმნის, არის - კიდევ ერთი ლექსი. და თუ მაინც გინდა სხვის ლექსს მჟავიანობა გაუსინჯო - ჯერ საკუთარი ენა დაიდე სასწორზე. იქნებ აღმოაჩინო, რომ მთელი ცხოვრება სხვის პოეზიას კი არა, საკუთარ სიცარიელეს უსინჯავდი გემოს. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი