საწოლის რიკულებს შორის


ღამით სიკვდილმა
მძინარე სიცოცხლეს მიაკითხა -
მაგრამ ქალაქი ისე იყო აშენებული,
რომ სიკვდილსაც კი
ადგილი აღარ ეყო.

შემოიპარა ოთახში,
ფეხი გაება სიჩუმეში,
და ბოლოს -
საწოლის რიკულებს შორის გაიჭედა.

სიცოცხლეს ეძინა.

სიკვდილი კი
პირველად ელოდებოდა გაღვიძებას.

ფანჯრის იქით
ტაქსებმა ცარიელი ქუჩები წაიყვანეს,
ლიფტებმა სართულები გადაყლაპეს,
მეზობლის კედელმა
სამჯერ თქვა: არ ვიცი.

დილით
საწოლი გაყიდეს.

სიკვდილი დარჩა.

სიცოცხლე კი ადგა
და სამსახურში წავიდა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი