ჭრილობების მოძრავი არქიტექტურა


რა ვართ ჩვენ, თუ არა ჩვენი ჭრილობების მოძრავი არქიტექტურა?

რომელიც ნელ-ნელა ინგრევა, მაგრამ ნანგრევებიდანაც ცას აშენებს.

ადამიანი ნანგრევია, რომელიც მოძრაობს.

თუ ოდესმე ჩემს საფლავს მიაგნებ, ნუ მომიტან ყვავილებს. მომიტანე ერთი ცოცხალი ხმა. მომიტანე ხმა, რომელმაც არ იცის, რომ სიკვდილი არსებობს.

დედაჩემი ჩემს ბავშვობას აწყობს, როგორც სუფრას.

დრო ნაკერს არ შლის - დრო კანად გვაქცევს.

მე ჯერ არ დამიწყია სიკვდილი. არ დამიწყია. ეს უნდა იცოდე. მე ჯერ არ დამიწყია სიკვდილი.

ჯერ კიდევ ჩემს ძარღვებში ღამე მოძრაობს, როგორც შავი მდინარე, რომელსაც ნაპირები საკუთარი სისხლით აქვს ნაშენი.

მე ვდგავარ. ამ საუკუნის შუაგულში, სადაც კაცმა ცა ხელისგულზე დაიდო და მაინც ვერ ისწავლა საკუთარ დედასთან ბოლო საუბრის გახსენება.

არ ვიცი. და პირველად, „არ ვიცი“ მომწონს.

„არ ვიცი“ დღეს ყველაზე სუფთა ლოცვაა.

ღმერთსაც რომ ჰკითხო, რატომ ტკივა ბავშვს სხეულში პირველად შემოსული დილა, შეიძლება დიდხანს გაჩუმდეს.

მე კი მის მაგივრად ვპასუხობ: რადგან სიცოცხლეს შესვლა უყვარს ჭრილობიდან.

აი, ეს აღმოვაჩინე.

არა კარი. არა ფანჯარა. ჭრილობა.

ყველა დიდი რამ სხეულში იქიდან შედის, საიდანაც გვეგონა, რომ მხოლოდ სიკვდილი შემოვიდოდა.

დედაჩემის ხელები მახსოვს. არა სახე. ხელები.

ორი პატარა ქვეყანა, რომლებშიც ბავშვი საკუთარ მომავალს ფეხშიშველი გადიოდა.

მის თითებზე დღემდე დგას ჩემი ბავშვობის თბილი მტვერი.

მე ვერ ვუთხარი: დედა, მეშინია.

იმ ასაკში კაცობას სხვანაირად გვასწავლიდნენ.

გვეუბნებოდნენ: არ იტირო. არ მოიხარო. არ აღიარო. არ აჩვენო.

და მე დავიჯერე.

მანამდე, სანამ ერთხელ საკუთარი ცრემლი პირში არ მომხვდა და სისხლის გემო არ ჰქონდა.

იმ დღეს მივხვდი: კაცები არ ტირიან - ეს ქვების გამოგონილი კანონია.

კაცი ტირის.

უბრალოდ, ზოგჯერ თვალებიდან არა.

ზოგჯერ ღვიძლიდან. ზოგჯერ ნეკნებიდან. ზოგჯერ მთელი ცხოვრების შემდეგ - ერთ სიტყვაში:

დედა.

მე ჯერ სიცოცხლეს ვსწავლობ - ჭრილობიდან.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2023 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი