ხვალის გუშინი
ერთ დილას, როცა ღამემ თავისი შავი ქუდი ჭიშკარზე ჩამოკიდა, ცა დაბლა ჩამოვიდა - ისე დაბლა, რომ ბებერმა მთვარემ ქვას ფეხი წამოკრა და იკითხა: ვინ გადმოაბრუნა სამყარო? არავინ უპასუხა. იმ დღეს საათები მომავალს უკუღმა აჩვენებდნენ, სარკეები კი ჯერ არდაბადებულ ადამიანებს ირეკლავდნენ. ქალაქის თავზე უზარმაზარი ჭვარტლისფერი თევზი ჰაერში მიცურავდა. ფრთები ჰქონდა, მაგრამ ფრენა არ იცოდა. მუცელზე ეწერა: მე ვარ ხვალის გუშინი. არავინ იცოდა, რას ნიშნავდა. მეც არ ვიცოდი. ამიტომ დავიჯერე. --- ქუჩის კუთხეში მოხუცი ქარაფშუტა ღრუბლებს თესავდა. თითოეულ ორმოში სიტყვას, მონეტას და დავიწყებულ სახელს დებდა. გაზაფხულზე, - ამბობდა, - აქ წვიმა კი არა, მოგონებები ამოვა. სამი კვირის შემდეგ ციდან ბავშვობის სუნი დაეცა. ვიღაცამ დედა გაიხსენა. ვიღაცამ - პირველი ტყუილი. ვიღაცამ - კიბე, რომელიც აღარ არსებობდა. მე კი უცნაური რამ დამემართა: მე კი მივხვდი, რომ ბავშვობაში ერთხელ უკვე მოვმკვდარვარ. უბრალოდ, არავის უთქვამს ჩემთვის. --- მაშინ ზღვა მოვიდა ქალაქში. არა წყლით - სიჩუმით. ჯერ ქუჩები აავსო, შემდეგ სახლები, შემდეგ ადამიანთა პირები. ყველას ენა გაუქვავდა. მხოლოდ ერთ ქალს შეეძლო ლაპარაკი. შავი კაბით დადიოდა და გულში პატარა ზარი ჰქონდა. არა ხმამაღლა - შიგნით რეკავდა. რას ეძებ? - ვკითხე. მან თვალებიდან ორი პატარა ნავი გადმოაგდო. ჩემს დაკარგულ ხმას. სად დაკარგე? იქ, სადაც ღმერთმა თავისი ჩრდილი დატოვა. --- გავყევით. მინის მინდვრები გადავიარეთ, ფესვებგამომშრალ ტყეში შევედით, სადაც ხეებს ფოთლების ნაცვლად ძველი კითხვები ესხათ. ერთ ხეს ვკითხე: რამდენი წელია აქ დგახარ? ხვალიდან, - მიპასუხა. მის ქერქზე კარი გაჩნდა. შიგნით ცარიელი სამყარო სუნთქავდა - როგორც ღმერთი, რომელსაც ჯერ ვერ გადაეწყვიტა, არსებობდა თუ არა. --- იქ შევხვდით უკანასკნელ ფრინველს. მიწაზე დადიოდა და ცაში ჩრდილს ტოვებდა. ფრთები აღარ ჰქონდა. სად არის შენი სახლი? - ვკითხე. ცარიელ კედელს შეხედა. იქ. იქ არაფერი ჩანს. ამიტომაც არის ჩემი სახლი. --- უცებ ცა გაიხსნა. არა როგორც კარი - როგორც ჭრილობა. იქიდან ათასი ლურჯი საათი გადმოცვივდა. ერთში ბავშვობა იდგა. მეორეში - სიკვდილი. მესამეში - ქალი, რომელიც ჯერ არ შემხვედრია. მეოთხეში - მე. მე, რომელიც უკვე წავედი. მომავლის მე დიდხანს მიყურებდა. არ მოხვიდე. რატომ? აქ ყველაფერი სრულდება. და იქ? მან გაიღიმა. იქ ყველაფერი იწყება. --- ვიყვირე: არც დასაწყისი მინდა და არც დასასრული! ჩემი ხმა მთებად იქცა. მთები - ქვებად. ქვები - ჩიტებად. ჩიტებმა ცა აკენკეს. ცა ჩამოიფშვნა. მის უკან სხვა ცა იყო. და კიდევ ერთი. და კიდევ. სანამ მივხვდი: სამყარო ერთმანეთში ჩადებული უსასრულო ტყუილებია, რომლებსაც სიმართლის ეშინიათ. --- იპოვე? - ვკითხე. რა? ხმა. მან პირი გააღო. იქიდან პატარა ზღვა ამოვიდა. ზღვა გაიზარდა. წაგვიღო ქალაქები, მთები, სახელები, ღმერთები, ჩვენი ჩრდილები. წყალზე მხოლოდ ერთი სიტყვა დარჩა: იყავი. მას შემდეგ ყოველ დილით ჩემს კართან ერთი უცნობი სიტყვა მხვდება. ზოგი ქართულია. ზოგიც - ჯერ არა. ყველას სახლში ვუშვებ. იქნებ სამყაროც ასე შეიქმნა: ვიღაცამ უცნობ სიტყვას კარი გაუღო. სიტყვამ კი თქვა: მე არ ვიცი, რას ნიშნავს არსებობა. და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2022 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი