სიმართლეს შაქარი არ აქვს


„შესაკრებთა ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.“

ეს არის შეკრების გადანაცვლებადობის თვისება.

ასე რომ,
არაფერი მიყვარს შელამაზებული.

მოხუცი - მოხუცია.
ბავშვი - ბავშვია.
ქალი - ქალია.
კაცი - კაცია.

სახელებს არ ვუცვლი ნივთებს,
რომ ლამაზად გამოჩნდნენ.

ვამხელ ყველას
და ყველაფერს.

ყლეზე ვიტყვი,
რომ ყლე არის.

კარგზე - კარგს.

ნაგავზე - ნაგავს.

ტყუილზე - ტყუილს.

რაც არის - არის.
რაც არ არის - არ არის.

თუ სუნია -
სუნია.

თუ სისხლია -
სისხლია.

თუ სიკვდილია -
სიკვდილია.

არ მოვედი
თქვენი ოთახების დასალაგებლად.

მოვედი
ფანჯრების გასახსნელად.

და თუ ოთახში ისეთი სუნია,
რომ ფანჯრის გაღებაც აღარ შველის -
კარს გავაღებ.

თუ ღმერთი დგას იქვე
და მიკროფონს ითხოვს,
ღმერთსაც ვეტყვი:

- მოიცადე.
შენც მოგიწევს პასუხის გაცემა.

მე არ მოვედი
ვინმეს მოსაწონად.

არც იმისთვის,
რომ სიმართლეს შაქარი მოვაყარო.

არც იმისთვის,
რომ მიცვალებულს სუნამო შევასხა
და მერე ცოცხალს დავაჯერო -
ნახე, რა ლამაზად სუნთქავსო.

არა.

მკვდარი - მკვდარია.

ნაძირალა - ნაძირალაა.

კარგი კაცი - კარგი კაცია.

და ცუდი კაცი
კარგი პიჯაკით
მაინც ცუდი კაცია.

ტანსაცმელი ადამიანს
ხასიათს ვერ უცვლის.

ფული - სინდისს.

თანამდებობა - სიმართლეს.

გვარი - ღირსებას.

მე ამას პირდაპირ ვამბობ.

თუ გეწყინა -
მოგხვდა.

თუ გაგიხარდა -
შენც მოგხვდა.

მე არავის ვეფერები
იმიტომ, რომ დიდი სახელია.

არც პატარა კაცს ვლანძღავ
იმიტომ, რომ პატარაა.

ადამიანი ადამიანია
მანამდე,
სანამ თავისი საქციელით
თვითონ არ დაარქმევს საკუთარ თავს სახელს.

მე კი სახელებს
არ ვიგონებ.

ვკითხულობ.

სახეზე.

საქციელზე.

ხელებზე.

დუმილზე.

იმ წამზე,
როცა კაცი ამბობს:

მე არაფერი გამიკეთებია.

და ოთახში
ყველამ იცის,
რომ სწორედ მან გააკეთა.

აი, ეგ წამი მიყვარს.

როცა ტყუილს
სახე ეცვლება.

როცა ამაყი კაცი
უცებ პატარა ხდება.

როცა მდიდარი
ფულს ეჭიდება
და ხვდება,
რომ სიკვდილის დროს
ჯიბეები საერთოდ არ არსებობს.

მაშინ ყველა თანაბარია.

მეფეც.

მათხოვრიც.

მკვლელიც.

წმინდანიც.

ყველას ერთი ბოლო აქვს.

და ნუ მომიტანთ
ოქროს გვირგვინებს.

მე გვირგვინი არ მაინტერესებს.

თავი მაინტერესებს.

რა დევს შიგნით?

სისხლი?

სინდისი?

შიში?

სიცარიელე?

არ ვიცი.

მაგრამ შევხედავ.

პირდაპირ.

და თუ იქ არაფერია -
ვიტყვი:

არაფერია.

არ შეგიფუთავთ.

არ დაგამშვენებთ.

არ დაგარქმევთ
რთულ პიროვნებას,
თუ უბრალოდ ნაძირლები ხართ.

არ დაგარქმევთ
„თავისუფალ სულს“,
თუ უბრალოდ უპასუხისმგებლოები ხართ.

არ დაგარქმევთ
„იდუმალს“,
თუ სათქმელი არაფერი გაქვთ.

და საკუთარ თავსაც
არ გავუფრთხილდები.

თუ მე ვარ ცუდი -
ვიტყვი, რომ ცუდი ვარ.

თუ შევცდი -
ვიტყვი, რომ შევცდი.

თუ დავეცი -
ძირს დავრჩები იმდენ ხანს,
რამდენიც ადგომას დასჭირდება.

მაგრამ არ მოვიტყუები,
თითქოს არ დავცემულვარ.

ეს არის მთელი ჩემი ფილოსოფია:

არ მომატყუო.

მე თვითონაც
ძალიან კარგად ვახერხებ
საკუთარი თავის მოტყუებას.

და სწორედ ამიტომ
სხვების ტყუილი
აღარ მჭირდება.

თუ გიყვარვარ -
კარგია.

თუ გძულვარ -
კიდევ უკეთესი.

ორივე ნიშნავს,
რომ სადღაც შეგეხე.

მაგრამ თუ საერთოდ არაფერი იგრძენი —

მაშინ, ძმაო,

ალბათ უკვე დიდი ხანია
შიგნიდან აღარ ხარ.

მე კი ჯერ არა.

ჯერ კიდევ აქ ვარ.

ჯერ კიდევ ვლაპარაკობ.

ჯერ კიდევ ვხედავ.

ჯერ კიდევ ვბრაზდები.

ჯერ კიდევ მეცინება.

ჯერ კიდევ მტკივა.

და სანამ პირი მექნება,

ქვეყანას
სახელს
სახელით დავუძახებ.

შესაკრებთა ადგილები
შეიძლება შეიცვალოს.

მაგრამ ჯამი -

არა.

ეს არის მათემატიკა.

ეს არის ადამიანიც.

გადაანაცვლე კაცი.

გადააცვი სხვა ტანსაცმელი.

მიეცი ფული.

მიეცი ძალაუფლება.

მიეცი ტიტული.

მიეცი მიკროფონი.

მიეცი მთელი ქვეყანა.

თუ შიგნით ნულია -

ჯამიც ნულია.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი