ფრთები, რომლებსაც ღმერთი ვერ მომხსნის


მე მიშო ვარ.
ლექსებში - მიქაელი.

და ნუ მთხოვ,
სხეულზე დაწერილი რამე
ქაღალდზე გადავიტანო -
ჩემი კანი უფრო დიდია
ვიდრე შენი ქაღალდი.

ჩემს ხელებზე ფრთებია.

მარცხენაზე - დემონის.
და ღმერთებს მისი სახელის გაგონებაზე
ცა ებზარებათ.

მარჯვენაზე - ანგელოზის.
ის უფრო საშიშია -
რადგან იცის,
რომ სინათლესაც შეუძლია
ყელის გამოჭრა.

მე კი შუაში ვდგავარ.

ერთი ხელი - ჯოჯოხეთის კარია,
მეორე - სამოთხის,
და ორივეს ერთი და იგივე გასაღები აქვს:

ჩემი სისხლი.

ფრთები მკლავებზე გადმოდიან,
როგორც ცა, რომელსაც
ჩემს ძვლებში მოუნდა ცხოვრება.

არ დამიხატავს ისინი
ლამაზი ყოფნისთვის.

მე სილამაზე არ მჭირდება -
მე კვალი მჭირდება.

ისეთი,
რომ სიკვდილმაც რომ მომშალოს,
კანმა მაინც თქვას:

აქ ვიღაც ცხოვრობდა.

თავზე კი -
დიდი 13.

არა როგორც რიცხვი.

როგორც შეურაცხყოფა
იღბლისადმი.

ცამეტჯერ დამიწყია თავიდან.
ყოველ ჯერზე სხვა მე
დამრჩა გზაზე.

მეცამეტედ
აღარ მოვკვდები.

ახლა თვითონ სიკვდილი
მთხოვს ავტოგრაფს.

მიქაელი?
ჰო.

სახელი, რომელიც კალამს არ ეყო.
სახელი, რომელიც კანმა აიღო
და აღარ აბრუნებს.

თუ ოდესმე მკითხავ,
რატომ დაიხატე დემონი
და ანგელოზი ერთ სხეულზე,

გიპასუხებ:

იმიტომ, რომ
ერთ მხარეს არასდროს ვყოფილვარ.

მე ვარ ის არსება,
რომელსაც სამოთხემ კარი დაუკეტა
და ჯოჯოხეთმა უთხრა:

შენც ზედმეტად თავისუფალი ხარ.

მაშინ ცა ავიფეთქე.

ფრთები ავიკერე ხელებზე.

13 თავზე დავიწერე.

სამყაროს არაფერი ვუთხარი.
ზურგი შევაქციე.
13 - ს დავუტოვე საუბარი.

ჩემს კანზე
დემონი ხელს აწერს.

ანგელოზი -
არ ეთანხმება.

მე კი ვიცინი.

რადგან ორივემ იცის:

ბოლო სიტყვა
მაინც მე მეკუთვნის.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2023 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი