ენაბორძიკა ლუკა
ლუკა სიტყვებს აგვიანებდა. კლასს კი ლოდინი არ უყვარდა. - ლუ... ლუ... კა. კლასი იცინოდა. ლუკა კი პირს ხურავდა, თითქოს სიტყვებთან ერთად სისხლიც გადმოსდიოდა. სახლში მამა სცემდა. დედა კი ქრებოდა - ნარკოტიკებში, ღამეებში, უცხო კაცების ბინებში. ლუკას მხოლოდ ერთი ადგილი ჰქონდა დარჩენილი: ჩუმეთისი. ქალაქი, რომელშიც არავინ არსებობდა - ლუკას გარდა. იქ ქუჩები ზღვისკენ მიდიოდა. იქ არავინ ყვიროდა. იქ მამას ხელები არ ჰქონდა. იქ დედა არასდროს მიდიოდა. იქ ლუკა არ ბორძიკობდა. იქ ლუკა ლაპარაკობდა. იმ დილით ლუკა სკოლაში ყველაზე ადრე მივიდა. თბილისს ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა. კლასში შევიდა. დაფაზე გუშინდელი ამოცანა ეწერა. მის მერხზე პატარა ფურცელი იდო. უკანასკნელი რამ, რაც ლუკამ ამ სამყაროს დაუტოვა. " თუ ოდესმე მოგენატრები, ჩუმეთისში მომძებნე - იქ მაინც არავინ დამცინის. " იმ დილით ლუკამ თავი მოიკლა. კლასში პირველი შემოსული ბავშვი კართან გაჩერდა. ჯერ ვერაფერი თქვა. მერე იყვირა. და სკოლა უცებ ადამიანებით აივსო. მაგრამ ლუკა უკვე აღარ იყო. მხოლოდ მისი მერხი დარჩა. და ფურცელი. და ჩუმეთისი. წლების შემდეგაც იმ მერხზე არავინ ჯდებოდა. ერთ დღეს ახალმა მოსწავლემ მასზე დახატული ზღვის ქალაქი ნახა. - ეს რა არის? მასწავლებელმა უპასუხა: - ადგილი, სადაც ლუკა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. ბავშვმა ცოტა ხანს უყურა ნახატს. მერე ჩუმად თქვა: - მეც მინდა იქ წასვლა. მასწავლებელმა შეხედა. და პირველად მიხვდა, რომ შესაძლოა ლუკა ერთადერთი არასდროს ყოფილა. ზოგი ბავშვი ხმამაღლა ტირის. ზოგი სიტყვებში იბნევა. ზოგი კი ისე ჩუმდება, ვერავინ ამჩნევს, რომ უკვე დიდი ხანია დახმარებას ითხოვს. ლუკა კი უბრალოდ ერთ რამეს ითხოვდა: ვინმეს დაეჯერებინა მისი დუმილისთვის. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2022 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი