ღმერთმა ხურდა არ დამიბრუნა


ცხოვრებას ყელი მოვუჭირე
და მაინც მიყვიროდა:

— გამიშვი, შე ნაბიჭვარო,
მე შენი უკანასკნელი შეცდომა ვარ!

გამოვუშვი.

ფურთხით გადმოხტა ხელიდან,
ქუჩაზე გაიშხლართა
და ფეხშიშველი გაიქცა.

ჯიბეებში ჩემი ბავშვობა ედო —

დაჭმუჭნული,
ჭუჭყიანი,
სველი პურის სუნით,
და ერთი ლურჯი მონეტა,
რომლითაც ღმერთს
სამი წუთი ვუყიდე.

ღმერთმა ხურდა არ დამიბრუნა.

ნაძირალა.

ღმერთს დღეს არ შევხვდი.
ალბათ თვითონაც დააგვიანა
საკუთარ დაკრძალვაზე.

ეკლესიასთან ვიდექი.
წვიმდა.

ციდან ისეთი ჭუჭყიანი წყალი მოდიოდა,
თითქოს ანგელოზებს
ზემოთაც აღარ აძლევდნენ ტუალეტს.

ეკლესიის კართან
ოთხი კაცი იდგა
და ცარიელი კუბო მიჰქონდათ.

ვკითხე:

— ვის მარხავთ?

ერთმა შემომხედა:

— არ ვიცით.

ვუთხარი:

— წესრიგს.

მოხუცმა ისე გადაიხარხარა,
კბილები კუბოში ჩაუვარდა.
მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა.
მე კი ვიფიქრე:

რა საწყალი პროფესიაა ღმერთის დაცვა
ადამიანებისგან.

ამიტომ დამანებეთ თავი
თქვენმა წესებმა,
თქვენმა საათებმა,
თქვენმა სუფთა ხელებმა,
თქვენმა მოწესრიგებულმა საფლავებმა.

მე მინდა ჭუჭყი.

მინდა წვიმაში გახსნილი პირით
დავლიო მთელი ქუჩა.

მინდა ღმერთს პიჯაკი გავხადო
და ვკითხო:

— რატომ დამტოვე ასეთი?

და თუ მეტყვის:

— იმიტომ, რომ ასე მინდოდა.
ვეტყვი:

— მაშინ შენი გემოვნება
საკმაოდ ცუდია, მამაო.

და გავიქცევი.
ფეხშიშველი.

შიშველი სინდისით.
ჯიბეში ცეცხლით.
უკან კი
ცხოვრება გამომეკიდება
და ისევ იყვირებს:

— გამიშვი, შე ნაბიჭვარო!

მე გავხედავ
და ვეტყვი:

— მე გაგიშვი.
ახლა შენ მომდევ.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი