ანატომიის აჯანყება


ერთ დილას ადამიანებმა კანი გაიხადეს
როგორც ცუდად ნაყიდი პიჯაკი
და ქალაქმა პირველად ნახა,
ვინ ცხოვრობდა სინამდვილეში მათ შიგნით.

გული გარეთ გამოვიდა —
წითელი, გაბრაზებული მუშა,
პატარა ღმერთი, რომელსაც ხელფასი არასდროს მიუღია.

ფილტვებმა ქუჩებში დაიწყეს სეირნობა,
ორი დაღლილი ბუშტი,
რომლებშიც მთელი ქალაქის კვამლი
უკვე აღარ ეტეოდა.

ღვიძლი ბნელად ანათებდა.

ტვინები კი —
აჰ, ტვინები! —
თავიანთი პატრონების მხრებზე დასხდნენ
და ისეთი სახით იყურებოდნენ,
თითქოს ბოლოს და ბოლოს
საკუთარ დანაშაულზე დაიჭირეს ადამიანი.

კუჭები ჩამოკიდეს ფანჯრებიდან
როგორც ძველი დროშები.

თირკმელები პატარა მთებივით იდგნენ ტროტუარებზე
და შარდის ნაცვლად
ადამიანის ყველა დაუმთავრებელ სურვილს ფილტრავდნენ.

კანი?

კანი შიგნით ჩავიდა.

იქ, სადაც ადრე ძვლები იდგნენ,
ახლა სახეები ცხოვრობდნენ.

ქალაქის მერია დაიხურა.

სარკეები აიკრძალა.

ტანსაცმლის მაღაზიებმა გაკოტრება გამოაცხადეს.

მღვდლებმა თქვეს:
ადამიანი საიდუმლოა.

ქირურგებმა უპასუხეს:
არა, ბატონებო,
ადამიანი უბრალოდ ცუდად შეკერილი წინადადებაა.

და ყველა გაჩუმდა.

მე კი ვიცინოდი.

არა იმიტომ, რომ სასაცილო იყო.

იმიტომ, რომ პირველად
ადამიანის შიგნეულობა
გარეთ იყო
და გარეგნობა — შიგნით.

საღამოს ქალაქს მზე დაეცა.

არა ციდან.

ადამიანებიდან.

ათასობით პატარა მზე
ამოვიდა გულებიდან
და ქუჩებში დაგორდა.

ზოგი ჩააქრეს.

ზოგს ფეხი დააჭირეს.

ზოგმა კი — ღმერთო, რა უზრდელები იყვნენ! —
ცა დაწვა.

იმ ღამეს ღმერთმაც გაიხედა ქვემოთ
და პირველად დაინახა ადამიანი
არა როგორც ქმნილება,

არამედ როგორც
დაუმთავრებელი ახსნა.

მერე თქვა:

— იქნებ თავიდან დამეწყო?

და სიცილი დაიწყო.

იმხელა სიცილი,
რომ სამყაროს ნეკნები შეირხა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი