პოეტის აღსარება
ერთ დღეს ლექსი სარკესავით დავამსხვრიე. იქიდან იმდენი პოეტი გადმოვიდა, რომ ოთახი მაშინვე დაცარიელდა. მაშინ მივხვდი - პოეზია ლექსებმა კი არა, პოეტებმა მოკლეს. ჯერ ჩარჩოში ჩასვეს, მერე ტაში დაუკრეს, ბოლოს ყვავილები მიაყარეს და მკვლელობას კულტურა დაარქვეს. თქვენ პოეზიას ყვავილები დაუტოვეთ. მე მის კუბოსთან სიგარეტს ვეწევი. იქნებ არ მომკვდარა. იქნებ უბრალოდ თქვენგან დაიმალა. პოეზია რომ გადასარჩენი იყოს, პირველ რიგში პოეტები უნდა გადავყაროთ ფანჯრიდან - განსაკუთრებით ისინი, ვინც საკუთარ სისხლს მელნად ასაღებენ. მე კი? მე პოეტობა მივატოვე. ახლა ღამით ქუჩებში დავდივარ, კედლებს ველაპარაკები და თუ ვინმე მკითხავს, რას წერო - ვპასუხობ: არაფერს. და ჯიბეში დამალულ ერთ პატარა სიტყვას ვამოწმებ: არა. ჯერ კიდევ თბილია. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი