შელამაზებული დედამიწა
დედამიწას პარანოია სჭირს - ჰგონია, რომ ადამიანები მის მოკვლას აპირებენ; ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ამჯერად პარანოია სიმართლეა. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! დედამიწას პომადა უსვია - ქვემოთ კი მასობრივი საფლავია. ჩვენ ღმერთს ვეძახით იქ, სადაც კამერაა, სიყვარულს - იქ, სადაც ფული ითვლება, სიმართლეს - იქ, სადაც ჩვენი ხმა გვაწყობს. ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელმაც სარკე გამოიგონა და მაინც ვერ დაინახა თავისი მკვლელის სახე. ჩვენ ცას ვუყურებთ და მიწას ვყიდით. ვკოცნით ბავშვს და მომავალს ვახრჩობთ. ვაშენებთ ეკლესიებს, სასახლეებს, ბანკებს, სამოთხეებს - და ერთი კაცის შიმშილს ყველგან „სტატისტიკას“ ვეძახით. ადამიანი სარეველაა - დედამიწის ბაღში ამოსული ყველაზე ლამაზი შეცდომა, რომელიც ბოლოს საკუთარ ფესვებსაც სარეველად ჩათვლის. კაიფში კვდებიან თვითმკვლელი ჰიპსტერები - ტუჩებზე ნეონი, თვალებში არაფერი, ჯიბეში ბოლო აიფონი. სამყარომ ისინი დაკარგა. ინსტაგრამმა - ერთი ახალი პოსტი მიიღო. რა ლამაზად კვდება სამყარო. როგორ კარგად ვაუთოვებთ თეთრ პერანგზე მის გვამს. დედამიწა არ არის დაჭრილი. დედამიწა ჩვენ ვართ. დედამიწა ეშმაკის ჭუჭყიანი ჭიპია - ჩვენ კი შიგნით ჩასახლებული ჭიები, რომლებიც ამაყად ვეძახით თავს ცივილიზაციას. დრო მოვა, ჭიპი გაიხსნება და სამყარო ბოლოს ამოიღებს ჭუჭყს. და ეს მწვანე პლანეტა უბრალოდ ჩვენი სისხლის ძალიან დიდი ლაქაა. ს ი კ ვ დ ი ლ ი აქაა!!! შეურაცხყოფილი უწერტილობა ღმერთმა დედამიწას ევაკუატორი გამოუძახა - ძალიან დამპალი იყო. ჩატვირთა კოსმოსში და ჩაილაპარაკა: ეს ნაგავი აღარ დამიბრუნოთ. ღმერთი ერთხელ მაინც დაგვაკვირდა ჭოგრიტით - ისე დიდხანს უყურა კაცობრიობას, ბოლოს ჭოგრიტი ჩამოწია, ეშმაკს გადახედა და უთხრა: შენც ზედმეტად დაგსაჯე. მერე ზეცის სიჩუმეში საკუთარი თავი წაშალა. და ბაღში ერთი სარეველა დარჩა. ადამიანი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი