საფლავებს კარგი აკუსტიკა აქვთ


ყველაფერი დროებითია - მათ შორის შენი „სამუდამოც“.
ამიტომ იცინე ხმამაღლა: საფლავებს კარგი აკუსტიკა აქვთ.

ღმერთმა კი, თუ მართლა ზის იქ,
ალბათ ყურსასმენები გაიკეთა.

მე დღეს
ჩემს ჩრდილს დავასაფლავებ -
ზედ დავაწერ:

აქ წევს კაცი,
რომელმაც საკუთარი თავი
ზედმეტად სერიოზულად მიიღო.

და ღამე, როგორც გიჟი კოსმონავტი,
დედამიწას ჯიბეში ჩაიდებს.

ხვალ რომ გავიღვიძოთ -
თუ გავიღვიძეთ -
ნუ ვიკითხავთ,
რა აზრი ჰქონდა სიცოცხლეს.

აზრსაც ვადა აქვს.
ჩვენ კი არ გვაქვს ვადა.

ამიტომ იცინე.

სანამ სამყაროს
თავისი ბოლო ხუმრობა
არ გაახსენდება.

და ეს ხუმრობა, ჩემო კარგო,
ჩვენ ვართ.

სამოთხე ალბათ ზემოთ კი არა,
საფლავის მეორე მხარესაა -
მაგრამ იქაც რიგია,
რადგან სიკვდილსაც აქვს
თავისი ბიუროკრატია.

და როცა საფლავები ჩვენს სიცილს ექოდ გაიმეორებენ, ჯოჯოხეთი რეზონანსისგან გასკდება - სიკვდილი კი საკუთარ აკუსტიკაში ჩაიხრჩობა.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი