წაკითხვისთანავე დაწვით!
ლექსის წერა მომბეზრდა. არა იმიტომ, რომ სიტყვები გამითავდა - სიტყვები ჯერ კიდევ მახრჩობს, ყელში მადგას, როგორც დაუპატიჟებელი ნათესავი სუფრაზე, რომელიც ყველაფერს ჭამს და ბოლოს ღმერთსაც აგინებს. მომბეზრდა. რადგან თქვენ პოეზია შეჯიბრად აქციეთ - ვინ უფრო ხმამაღლა იტყუება, ვინ უფრო ლამაზად მოიპარავს სხვის გულს, ვინ უფრო სწრაფად დაჭრის მეგობარს და მერე ლექსად გამოაქვეყნებს სიყვარულს. აჰ, რა სასაცილოა. აქ ნიჭს ქულებით კლავენ, სულელს ტაშს უკრავენ, მართალს კი ეუბნებიან: - ცოტა უფრო მოდური იყავი, ძმაო. ძმაო? რომელი ძმა? აქ ძმა ძმას აღარ ცნობს. ერთმანეთს ჭამენ საკუთარი გვარის ხალხი, ერთმანეთს ყიდიან ოთახის კუთხეში დარჩენილი კარადის ფასად, ოჯახებს პარტიის ფერებით ყოფენ, მამას შვილი აღარ უსმენს, შვილი მამას მხოლოდ მაშინ ურეკავს, როცა ბინის საბუთი სჭირდება. და მე ვზივარ ამ დიდ, ბინძურ თეატრში და ვწერ ლექსს. ლექსს. რა დიდი სისულელეა. როცა ბავშვს აღარ შეუძლია უბრალოდ ბავშვი იყოს. როცა ეზოში სიცილი რაღაც ძველ ნივთად დარჩა, როგორც ბაბუას ჯიბეში ჩარჩენილი მონეტა. როცა წიგნი მტვერს აგროვებს, ტელეფონი კი ადამიანის სახეს ჭამს. როცა ზრდილობა სისუსტედ გამოაცხადეს, უფროსის პატივისცემა - სირცხვილად, ერთგულება - სისულელედ, სიყვარული - კონტენტად. და რწმენა? რწმენასაც დასცინიან. ღმერთის სახელზე მიმებს აკეთებენ და მერე მშვიდად მიდიან სახლში, დედას კი ეუბნებიან: კარგად ვარ. არა. არ ხარ კარგად. არც მე ვარ კარგად. გული მტკივა, მეგობრებო. აი ასე - უბრალოდ, უხეშად, სირცხვილის გარეშე: გული მტკივა. იმდენად, რომ ხანდახან მინდა ყველა ჩემი დაწერილი სიტყვა ავიღო, ქუჩაში გავიტანო და ცეცხლში ჩავყარო. ნახეთ-მეთქი! აი თქვენი პოეტი! აი მისი წიგნები! აი მისი წლები! აი ის ღამეები, როცა ყველას ეძინა და ის ღმერთს ელაპარაკებოდა ფურცლის საშუალებით. აი! წაიღეთ! არ გინდათ? მაშინ რისთვის ვწერდი? რისთვის ვაგროვებდი ამ პატარა, სისხლიან სიტყვებს, თუ ბოლოს ისინი ჩემსავე ყელში უნდა გაჩხერილიყო? მე მთელი ცხოვრება ვწერდი, რომ სიტყვას ადამიანი გადაერჩინა. და ბოლოს მივხვდი - ადამიანს სიტყვა კი არა, ადამიანი სჭირდება. ერთი ადამიანი, რომელიც არ გაგყიდის. ერთი ადამიანი, რომელიც არ დაგცინებს. ერთი ადამიანი, რომელიც შენს გვერდით დაჯდება და არაფერს გკითხავს. უბრალოდ დაჯდება. როგორც ბავშვობაში. როცა სიყვარული არ ითვლებოდა აქტივად, მეგობრობა - გარიგებად, ოჯახი - საკუთრებად, რწმენა - სასაცილო ნივთად. მაშინ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდა. და არ ვიცოდით, რომ ერთ დღეს ეს სიტყვა ფუფუნება გახდებოდა. ახლა ქუჩებში ამდენი ადამიანია და მაინც საოცრად ცარიელია. მილიონი სახე. არც ერთი სახლი. მილიონი ხმა. არც ერთი სიმღერა. მილიონი მიყვარხარ. და სიყვარული - სადღაც ნაგავსაყრელზე ფეხმოტეხილი ძაღლივით წევს. მე კი მაინც ვწერ. რა ჯანდაბაა ჩემში? რატომ არ ვაგდებ კალამს? რატომ არ ვხევ ამ ფურცელს? რატომ, როცა ყველაფერი მომბეზრდა, სიტყვა მაინც მეძახის? იქნებ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მახსოვს ის ბავშვი, რომელიც ვიყავი. ის პატარა ხულიგანი, რომელსაც ეგონა, რომ სამყარო შეიძლება გადაერჩინა ერთი კარგი სიტყვით. ის ჯერ კიდევ ჩემშია. ზოგჯერ ღამით მოდის, მაჯაზე ხელს მადებს და მეკითხება: - შენც მათ დაემსგავსე? მე ვჩუმდები. რადგან პასუხი მაქვს. და პასუხის მეშინია. კი. შევიცვალე. ჩემშიც შემოვიდა ეს ჟანგი. ჩემშიც გაჩნდა სხვისი დაცინვის სურვილი, სხვისი განკითხვის შხამი, ის პატარა ბოროტი ხმა, რომელიც ჩურჩულებს: შენ მათზე უკეთესი ხარ. არა. არა, პატარა ეშმაკო. არ ვარ. სწორედ ამიტომ მტკივა. მე თქვენნაირი გავხდი იმდენად, რომ საკუთარი ხელწერისაც კი მეშინია. და იქნებ ამიტომ მომბეზრდა ლექსის წერა. არა იმიტომ, რომ პოეზია მოკვდა. არამედ იმიტომ, რომ მეშინია - მე მოვკალი იგი ჩემში. მაგრამ თუ ხვალ ის პატარა ბავშვი ისევ მოვა და მკითხავს: - კიდევ წერ? ვეტყვი: კი. ჯერ კიდევ ვწერ. არა თქვენთვის. არა ტაშისთვის. არა იმისთვის, რომ რომელიმე ჭკვიანმა ჩემს სტრიქონებს ფასი დაადოს. ვწერ იმიტომ, რომ ამ ბინძურ სამყაროში ერთი სიტყვა მაინც დარჩეს რომელსაც ვერ იყიდით. სიყვარული. ერთი სიტყვა, რომელსაც ვერ გაყიდით. ერთი სახლი, რომელსაც ვერ დაიკანონებთ. ერთი ბავშვობა, რომელსაც ვერ გადააკეთებთ პარტიულ დროშად. ერთი ღმერთი, რომელსაც თქვენი სიცილი ვერ მოკლავს. და თუ ოდესმე ჩემი ხმა საერთოდ გაჩუმდება, ნუ იტყვით: კიდევ ერთი პოეტი წავიდა. თქვით: ერთ ადამიანს ძალიან ეტკინა და მაინც ცდილობდა, ადამიანად დარჩენილიყო. ეს იქნება ჩემი ბოლო ლექსი. ან პირველი. ჯერ არ ვიცი. მაგრამ დღეს, ამ წამს, ფურცელს არ ვხევ. კალამს არ ვაგდებ. ფანჯარას ვაღებ. გარეთ ისევ ის ქალაქია - ხმაურიანი, გაბოროტებული, დაღლილი, საკუთარ სისხლში მოცურავე. და სადღაც, ძალიან შორს, ვიღაც ბავშვი იცინის. მე იმ სიცილს ვუსმენ. და პირველად დიდი ხნის შემდეგ არ მძულს სიცოცხლე. მძულს მხოლოდ ის, რაც სიცოცხლეს ერთმანეთისთვის ჯოჯოხეთად გვიქცევს. ავტორი : მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი