ჩემს მკითხველს
მე აქ მოვედი, რომ ჭკუა დაგარიგოთ. დიახ, მე - ამ დაჭმუჭნული პერანგით, ღამენათევი თვალებით და ხელებში ჩარჩენილი სხვისი ცოდვებით. მოვედი სიყვარულზე სალაპარაკოდ. რა ლამაზია სიყვარული, როცა სხვის საფლავზე არ დგახარ და შენი სუნამო ჯერ კიდევ ფარავს ლეშის სუნს. მოვედი პოეზიაზე სალაპარაკოდ. პოეზია - ეს ის ადგილია, სადაც ყველა ნაძირალა უცებ ფილოსოფოსი ხდება, სადაც მკვლელი ამბობს - მე უბრალოდ ძალიან მიყვარდა, ხოლო მსხვერპლი ჩუმად არის, რადგან მკვდრებს ინტერვიუს არ აძლევენ. მე კი ვლაპარაკობ. რა ბრძენი ვარ. რა ღრმად მესმის ცხოვრება. რა საოცრად ვიცი, რატომ ტირის ადამიანი, რატომ კვდება ღმერთი, რატომ ვერ უყვარს ადამიანს ადამიანი. ნახეთ, ნახეთ, როგორ ვაფრქვევ სიბრძნეს ამ გახვრეტილი თავის ქალიდან. რა ლამაზი სიტყვებია. რა სუფთა. რა ამაღლებული. რა ყლეობაა. ჰო. თქვენც ხომ უსმენთ? მე გეუბნებით: შეიყვარეთ ერთმანეთი. თქვენ თავს მიქნევთ. მე გეუბნებით: ნუ დაკარგავთ ადამიანურ სახეს. თქვენ თავს მიქნევთ. მე გეუბნებით: ადამიანი სიყვარულით გადარჩება. თქვენ - რა ლამაზია... და მერე მიდიხართ და ერთმანეთს ყელს ჭრით პატარა, ყოველდღიური დანებით: შურით, ტყუილით, უმნიშვნელო ღალატებით, იმ ერთი ფრაზით, რომელიც ზუსტად იცით, სად უნდა დაარტყათ. და მეც მივდივარ თქვენთან ერთად. ჯიბეში ლექსი მიდევს, პირში - ღმერთი, გულში - ცარიელი ბოთლი. ღამით კი სარკესთან ისეთ სახეს ვიკეთებ, თითქოს უკანასკნელი პატიოსანი კაცი ვარ დედამიწაზე. მერე ვიცინი. ვიცინი ისე, როგორც შეშლილი, რომელსაც საკუთარი დაკრძალვა ძალიან სასაცილო ეჩვენება. ჰა-ჰა! ნახეთ, მკითხველებო, აი, თქვენი პოეტი! თქვენ ხომ ეს გინდოდათ? ტკივილი - მაგრამ ლამაზად. სისხლი - მაგრამ მეტაფორაში. სიყვარული - მაგრამ ისეთი, Instagram-ზე რომ გამოჩნდება. სიბრძნე - მაგრამ ისე, რომ დილით სამსახურში თავი მაინც კარგად იგრძნოთ. აი, მიიღეთ. აი, ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი. აი, ჩემი დიდი სიმართლე. აი, ჩემი სული, დაწერილი ლამაზი ასოებით, დაკეცილი, შეფუთული და თქვენთვის გამოგზავნილი. ამის მოსმენა გინდოდათ? აი, თქვენი ნაგავი. წაიღეთ. პოეზია ჩემთვის უკვე ნაგავია. სიყვარული - ნაგავი. სიბრძნე - ნაგავი. რწმენაც კი ნაგავად აქციეთ და ახლა ჩემს სიტყვებში ეძებთ იმ ღმერთს, რომელსაც ცხოვრებაში ერთი დღეც არ დაემსგავსეთ. მე თქვენ გელაპარაკებით. თქვენ მე მისმენთ. და ამ წუთას ორივემ ძალიან კარგად ვიცით, რომ აქ არცერთი არ არის უდანაშაულო. ეს ლექსიც ნაგავია. მე - მისი ავტორი - ნაგავი. თქვენ - მისი მკითხველები - ამ უზარმაზარი, ბრჭყვიალა, სუნამოდასხმული ნაგავსაყრელის ნაწილი. და ახლა, სანამ ტაშს დამიკრავთ, სანამ იტყვით - რა ძლიერი იყო, ერთხელ მაინც ჩაიხედეთ საკუთარ თავში. იქ, სიღრმეში, სადაც ყველა თქვენი ლამაზი სიტყვა უკვე ლპება. დამწვით. გამანადგურეთ. ფუი ჩემს თავს. ფუი თქვენს თავს. და თუ ამ ყველაფრის შემდეგ ჯერ კიდევ მოგეწონათ ეს ლექსი - მაშინ მე თქვენ მოგატყუეთ. არა. უარესი. თქვენ მოგეწონათ საკუთარი ნაგავი, როცა მე ლექსად მოგყიდეთ. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი