სიცოცხლე მტკივა!


მე მკითხველისთვის არ ვწერ.

ჯანდაბა მკითხველს.

ჯანდაბა ჩემ თავს.

და საერთოდ - ჯანდაბა იმ ფანჯარასაც, საიდანაც დილაობით ეს სამყარო შემოდის ოთახში, თითქოს გადასახადს ვიხდიდე მისი ყურებისთვის.

მე არ მოვდივარ სამყაროს გვერდის ავლით. არა. მე პირდაპირ ვეცემი. შუბლს ვარტყამ კედელს, კედელს - ღმერთს, ღმერთს - ცას, ცას - საკუთარ თავში ჩამალულ იმ პატარა, საცოდავ ცხოველს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ რაღაცას აქვს აზრი.

რა სასაცილოა.

ჰა-ჰა!

აი, ასე.

ისტერიულად.

როგორც გიჟი, რომელსაც საკუთარი დაკრძალვა დაუვიწყარ კომედიად მიაჩნია.

მე არ ვარ ხალხის პოეტი. ხალხი რა შუაშია საერთოდ? ხალხს იმდენი რამ აქვს ასათვისებელი, რომ ჩემი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება. საუკუნეებია, ვიღაცები მოდიან და ეუბნებიან: ადამიანო, გაიგე! - და ადამიანი ისევ თავისას აკეთებს. ქრისტემ უთხრა. მუჰამედმა უთხრა. ფილოსოფოსებმა უთხრეს. დედებმა უთხრეს შვილებს. შვილებმა დედებს. სიკვდილმა უთხრა ყველას.

და მაინც - არაფერი.

არაფერი.

მშვენიერი, კოლოსალური, ბრწყინვალე არაფერი.

მაშ, ვის ვასწავლო?

არავის.

მე მასწავლებელი არ ვარ. არც მხსნელი. არც კეთილშობილი მელოტი კაცი, რომელიც მთის წვერზე დგას და კაცობრიობას ახალ ათ მცნებას უკითხავს.

მე უბრალოდ ვზივარ და ვწერ.

რატომ?

იმიტომ, რომ მსიამოვნებს.

იმიტომ, რომ წერით ვკაიფობ.

იმიტომ, რომ როცა სიტყვა ზუსტად ხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს, რაღაც შიგნით იფეთქებს - და ის აფეთქება ათას მკითხველს მირჩევნია.

აი, ეს არის ჩემი დანაშაული.

მე არ მინდა, რომ ვინმემ გამიგოს.

გაგება ზოგჯერ ყველაზე ბინძური ხელის ჩამორთმევაა.

მირჩევნია, ჩემი ტექსტიდან სისხლიანი გამოვიდეს.

მირჩევნია, გვერდი გადაშალოს და თქვას:

ამ კაცს რა დაემართა?

არაფერი.

სწორედ ეს არის პრობლემა.

არაფერი დამმართნია.

უბრალოდ სიცოცხლე მტკივა.

და ეს ტკივილი ისეთი იდიოტურად უზარმაზარია, რომ ზოგჯერ მეც მეცინება.

ვდგები შუაღამით, მივდივარ სამზარეულოში, ვსვამ წყალს და ვფიქრობ: აი, ეს არის ადამიანი - წყალს სვამს, თითქოს მარადიულობას ხვრეტდეს.

ჰა!

რა სისულელეა.

რა დიდებული სისულელე.

ჩვენ ყველანი პატარა ბზარები ვართ უზარმაზარ კედელში და მაინც ისეთი ამპარტავნებით ვცხოვრობთ, თითქოს კედელი ჩვენ აგვიშენებია.

მე კი მინდა პირდაპირ დავარტყა სამყაროს.

არა იმიტომ, რომ მძულს.

უფრო ცუდია.

იმიტომ, რომ ზედმეტად მიყვარს.

და როცა რაღაც ზედმეტად გიყვარს, მისი კანის ქვეშ ხელების შეყოფა გინდება - ნახო, მართლა ცოცხალია თუ უბრალოდ კარგად მოწყობილი დეკორაციაა.

ამიტომ ვწერ.

არა თქვენთვის.

არა ისტორიისთვის.

არა მომავლისთვის.

მომავალს თავისი ჯანდაბა ეყოფა.

მე ვწერ ჩემთვის - იმ წამში, როცა სიტყვა ჯერ კიდევ ცხელია და თითებს წვავს.

ვწერ, რადგან ჩუმად ყოფნა უკვე უფრო მტკივნეულია.

ვწერ, რადგან თუ არ დავწერ, ალბათ ისევ დავიწყებ საკუთარ თავთან ლაპარაკს.

და საკუთარი თავის მოსმენა, დამიჯერეთ, ყველაზე ცუდი ლიტერატურული ჟანრია.

ამიტომ:

მომეცით ქაღალდი.

მომეცით კედელი.

მომეცით ნებისმიერი თეთრი ადგილი.

მე იქ შავ ხვრელს გავხსნი.

და თუ ვინმე მკითხავს:

- რატომ?

ვუპასუხებ:

- იმიტომ, რომ სიცოცხლე მტკივა.

შემდეგ კი გავიცინებ.

ხმამაღლა.

უსირცხვილოდ.

თითქოს ბოლოს და ბოლოს რაღაც გამეგო.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი