ბავშვი, რომელიც ღმერთს დაეჭყანა
პოეტებო, ჩამოხსენით ოქროსფერი პიჯაკები და ჩაყარეთ ლექსიკონებში. დღეს სიტყვებს ქუჩა აქვს. მე ვნახე დილა, როგორ ეწეოდა სიგარეტს საკუთარი ცხვირით. ღმერთი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. ბილეთი არ ჰქონდა. კონტროლიორმა შეხედა — ვერ იცნო. რა უხერხული დასასრულია სამყაროსთვის. ადამიანი კვდება, ტელეფონი კი 13% ცამეტი. არ გათიშო. ჯერ არა. --- მე აღარ მინდა ლექსი, რომელიც ლამაზად ზის. ლექსი სკამიდან უნდა გადმოვარდეს. თავით. კბილებით. სახელით. ლექსმა უნდა დაანგრიოს საკუთარი მეტაფორა და მერე ნანგრევებიდან სხვისი სახელი იპოვოს. მაგალითად: შენი. დიახ, შენ. ნუ იყურები უკან. ლექსი უკვე შენს ზურგშია. --- ღმერთი ისევ იჯდა. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული. სამყარო ჯიბეში ედო. ჯიბეს ნახვრეტი ჰქონდა. ღმერთმა თავი მოიფხანა. მორჩა. არაფერი მომხდარა. და სწორედ ამიტომ შევშინდი. --- და თუ გგონიათ, რომ ლექსი დასრულდა — არა. ქარმა ჩემი სახელი ქაღალდიდან ამოფხიკა. ცამეტი პროცენტი ნელ-ნელა ჩაქრა. და როცა ბოლოს ტელეფონის შავი ეკრანი სარკესავით გახდა იქ მე აღარ ვიდექი. ჩემს ადგილას პატარა ბავშვი იდგა და ღმერთს ენას უყოფდა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი