ნალექის ორაკული


ყავაში ჩავიხედე —
ღმერთი იჯდა თავდაყირა,
როგორც ქუჩის ნათურა,
რომელსაც საკუთარი სიკვდილი დაავიწყდა.

ნალექმა მითხრა:

დღეს არ მოკვდები,
ჯერ სამყარო უნდა შეაწუხო.

ფინჯნის ძირში
ხვალემ დამცინა:

ბიჭო შენ ჯერ აქ ხარ?

ვკითხე:

როდის მოვკვდები?

— სიგარეტის ნამწვმა მიპასუხა:
ჯერ ბოლომდე უნდა დაიწვა.

სიგარეტს მოვუკიდე,
კვამლს ყელში ხელი ჩავავლე,
საფერფლეში ჩავახრჩე ჩემი გუშინდელი ღმერთი.

შოკოლადი კბილებში გავტეხე,
ენაზე დნებოდა —
ტკბილი, შავი, დანაშაულივით.

კვამლში ქრისტეს სახე დავინახე —
მე ვიცინოდი.

რადგან მივხვდი:

სიკვდილი წინასწარმეტყველება კი არაა —
ის უბრალოდ ბოლო ნალექია
ფინჯნის ძირში,
საიდანაც ვერავინ სვამს.

ჩემი სიგიჟე ჯერ კიდევ ეწევა.

ჯერ ჩემი სიგიჟე უნდა დამთავრდეს,
რომ სიკვდილმა სამსახური დაიწყოს.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი