თეთრი დათვის ზამთარი


ანტარქტიდა —
ღმერთის მიერ დავიწყებული
თეთრი ჭრილობაა.
რომელშიც ქარი
შიშველი ხელებით იქექება.

აქ ქარი კბილებით მოდის,
ცას ტყავს აძრობს
და ღრუბლებს
დახოცილი ცხვრებივით
ყინულზე მიათრევს.

მე — დათვი ვარ.

თეთრი,
როგორც სიცრუე,
რომელიც სიკვდილს ეუბნება:
ჯერ არა!

ჩემს ბეწვში ღამე იყინება,
ჩემს ძვლებში — ზამთარი,
მაგრამ სიკვდილს,
რომელიც კვალდაკვალ მომყვება,
ყოველ დილით ვუბრუნდები და ვეუბნები:

ჯერ არა, შე ძაღლო.

ყინულზე მივდივარ —
ფეხქვეშ მთელი ქვეყანა მიტყდება.
ზღვა ქვემოდან მიყურებს,
როგორც უზარმაზარი, მშიერი
თვალი.

შიმშილი ჩემი მეორე ჩრდილია.

პირველი — ქარია.

ჩემს სუნთქვას
პატარა თეთრი მოჩვენებები მოჰყვებიან —
იბადებიან პირიდან,
ერთი წამით ცხოვრობენ,
შემდეგ ცას ეჯახებიან
და ქრებიან.

ასე ვუყურებ სიცოცხლესაც:

გამოვიდა ჩემგან —
და უკვე მიდის.

ღამით თოვლში ვმარხავ სხეულს
და მესიზმრება ტყე.

მწვანე.

ისეთი მწვანე,
რომ თვალები მტკივა.

იქ ხეები დადიან,
ფესვებით ცას თხრიან,
თევზები ზემოთ დაცურავენ,
მზე კი მიწაზე გდია —
გატეხილი ოქროს თეფში,
რომელზეც ღმერთს
საუკუნეების წინ
ვახშამი დარჩა.

მე კი ადამიანი ვარ.
და მრცხვენია.
არ ვიცი რისი.
იქნებ იმის,
რომ ოდესღაც ვოცნებობდი.

დილით
ისევ დათვი ვხდები.

ნადავლს ვერ ვპოულობ.

მხოლოდ სისხლის სუნს.

ქარი მასაც იპარავს —
ეს ქარი ყველაფერს იპარავს,
რასაც ჯერ კიდევ
ცოცხალი ჰგონია თავი.

მაინც მივდივარ.

ჩემი თათები ყინულს ხვრეტენ.

ჩემი გული —
უფრო ღრმა ყინულს.

ზოგჯერ მგონია,
რომ მთელი ეს თეთრი სამყარო
ჩემს მოსაკლავად არის შექმნილი.

კარგი.

მაშინ მეც ვდგები
და ვკლავ კიდევ ერთ დღეს.

სიკვდილის წინ
კიდევ ერთ ნაბიჯს
ვიპარავ.

და როცა ქარიშხალი მოვა —
როცა ცა შავად აინთება,
როცა თოვლი დედამიწას
თეთრ საფლავად გადააქცევს

მე ცისკენ ავიხედები.

თეთრი.
უზარმაზარი.
გაშმაგებული.

და ღმერთს ვკითხავ:

ესეც შენი სამოთხეა?

ღმერთი დუმს.

ქარი —
იცინის.

მე არ ვიცინი.

მე ჯერ კიდევ მშია.

ჯერ კიდევ მწყურია სიცოცხლე.

ჯერ კიდევ ვარ.

და სანამ ერთი ძვალი მაინც
მომისმენს,

სანამ გულში ერთი პატარა,
ველური ცეცხლი
კბილებს გაილესავს,

მე —

კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი