წერტილიც კი მრგვალია


მე მაინც გონებას მიწაში დავთესავ —
თუნდაც მიწამ უარი თქვას გაზაფხულზე;
თუნდაც ფეხებში გაითრიოს ჭიანჭველამ,
როგორც პურის ნამცეცი,
და სამყაროს ჯიბეში ჩაიკარგოს,
როგორც პატარა, უხამსი საიდუმლო.

თავს ნუ დამიმალავ, სამყაროვ —
მაჩვენე შენი ნამდვილი სახე:
დაკბილული, ცარიელი,
ვარსკვლავებით ამოფსკრული —
როგორც მოხუცი ღმერთის კბილები.

მე მოვდივარ —
არ ვიცი, საიდან,
არ ვიცი, რატომ,
მაგრამ ვიცი:
კითხვასაც შეუძლია სისხლდენა.

გახსოვდეს, პოეტო:

სიცოცხლეა ერთი კოცნა — რომელმაც ჯერ ტუჩები იპოვა და მერე სიკვდილი.

და ჩვენ?

ჩვენ ვართ არასწორ მისამართზე გაგზავნილი ღმერთის წერილები — გახსნილი, დაკუჭული, სისხლიანი მარკით და მისამართის გარეშე.

იფიქრე!

იფიქრე მაშინაც,
როცა ტვინი ცარიელ ეკლესიას ჰგავს,
როცა ცა გესვრის ელვას
და პასუხად მხოლოდ ფერფლი მოდის.

იფიქრე ისე,
რომ აზრმა თავის ქალა გაგიტეხოს!

რაც კვდება — კარს ხსნის.
რაც იბადება — კარს კეტავს.

შუაში კი ჩვენ ვდგავართ —
როგორც შეშლილი მეკარეები
არარსებული ფეხბურთის მოედანზე.

არ არის კითხვებზე არც ერთი პასუხი —
პასუხები მხოლოდ სხვა კითხვებია,
რომლებმაც კანი გამოიცვალეს
და ღამით ჩვენს საწოლებში შემოძვრნენ.

არც ერთ დასასრულში არ არის წერტილი.

წერტილიც კი მრგვალია.

სიცოცხლე — რკალია.
სიკვდილი — რკალი.

დრო — შეშლილი ძაღლი,
რომელიც საკუთარ კუდს მისდევს
და მაინც ჰგონია,
რომ სადღაც მიდის.

ჭიანჭველები კი...

აჰ, ჭიანჭველები!

პატარა შავი ფილოსოფოსები!

მიწის ქვეშ აგრძელებენ სამყაროს.

არ იციან ღმერთი.

არ იციან ადამიანი.

არ იციან კანტი.

არ იციან რემბო.

არ იციან, რომ ერთ დღეს
ვიღაც პოეტი მათზე ლექსს დაწერს.

და მაინც იციან გზა.

რა სირცხვილია ჩვენთვის!

იქნებ ღმერთიც სწორედ ასეთია:

პატარა შავი ჭიანჭველა,
რომელიც საკუთარ უსასრულობაში
პურს მიათრევს.

იქნებ გზა საერთოდ არ არსებობს და ჩვენ ვართ ის ბილიკი, რომელსაც საკუთარი ფეხები ყოველ ნაბიჯზე იგონებენ.

პოეტო —

გადავწიოთ ლექსის წნევა ზღვრამდე.

მერე გაუშვი.

დაე, ქუჩამ ღმერთს შავი კბილებით უკბინოს;

დაე, ჭიანჭველამ ღმერთს პური წაართვას და თავისი პატარა სამეფო საფლავის ქვეშ დააარსოს.

დაე, ტვინმა სარკმელი ჩატეხოს საკუთარ თავში და იქიდან ლურჯი სისხლი გადმოაფურთხოს.

მე აღარ მინდა ლექსი, რომელიც სწორად დადის.

გააგიჟე.

დაახვიე სამყაროს კისერზე როგორც სველი გაზეთი.

ამიტომ, პოეტო,

მიწაში ჩაასვენე გონება
როგორც ცეცხლიანი თესლი.

და დაელოდე.

იმ დღეს,
როცა მიწა გაიხსნება
და შენი დამარხული გონებიდან
ერთი უზარმაზარი, ლურჯი ხე ამოვა —

ისეთი დიდი,
რომ ცას თავი დაარტყას.

და მიწას მიაბარე მხოლოდ ორი სიტყვა:

SAPERE AUDE.

გაბედე იცოდე.

გაბედე იფიქრო.

გაბედე იკითხო.

როცა დრო
საკუთარ კუდს შეჭამს,

დარჩება ერთი პატარა შავი ნიშანი.

ერთი წერტილი.

და შენ მიხვდები:

წერტილიც კი მრგვალია.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი