ღმერთს ყელში შევუყავი ასანთი


დედამიწას ყური მივადე.

შიგნით ვიღაც გიჟი
სამშობლოს აფეთქებას გეგმავდა.

არ შევუშალე ხელი.

მე იმ დღეს სიყვარულს კისერში ვუკბინე
და პირიდან
მთელი ზაფხული გადმომეღვარა —

მზიანი, სისხლიანი,
სულელურად ბედნიერი.

ვიღაცამ მითხრა:

კაცი ხარ,
თავი ხელში აიყვანე.

ხელი ავიღე.

თავი დავტოვე.

და წავედი.

ქუჩის ბოლოს ღმერთი იდგა,
ტაქსს აჩერებდა
და ვერავის უხსნიდა,
სად მიდის ეს სამყარო.

მე კი ვიცოდი.

სამყარო არსად არ მიდის.

უბრალოდ ეცემა —

ჯერ ზეცა,

მერე ღმერთი,

მერე ჩემი პერანგის ჯიბიდან
შვიდი შავი მზე ამოხტა
და ქალაქს თვალებში ესროლა.

ქუჩამ პირი გააღო.

მიწა ამოყირავდა.

ჯოჯოხეთები ერთმანეთში შევარდნენ.

ანგელოზები ბენზინს ასხამდნენ ცას.

და უცებ —

ცა ჩამოვარდა.

არა მეტაფორად.

მართლა.

მთელი ზეცა
ჩემს ფეხებთან დაიმსხვრა.

ვარსკვლავები ქვაფენილზე დახტოდნენ,
როგორც დაჭრილი თევზები.

და უცებ —

სიჩუმე.

ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა,
რომ ჯოჯოხეთის ძირში
ეშმაკის ბავშვმა დაიყვირა:

— მამა, დედამიწა დაგვეკარგა!

ეშმაკმა ჩაიხედა.

მართლა აღარ იყო.

არც ზეცა.

არც ღმერთი.

არც ჯოჯოხეთი.

აღარაფერი.

მხოლოდ ჩემი თავი იდგა იქ,
ხელში ასანთით,

და ღმერთის ბოლო ვარსკვლავს
კბილებით ხსნიდა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი