წერილი ედგარ ალან პოს
ძვირფადო ედგარ, დღეს სიკვდილს შევხვდი. არ მომიკითხავს. ხელში სისხლიანი ყვავილი ეჭირა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლო გაეპარა — სიცოცხლე. მე კი ცხვირმოუხოცავი ხულიგანი ბავშვი ვარ და სიკვდილის არ მეშინია. მეშინია მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც მას ზედმეტად სერიოზულად ხატავს. სიკვდილი სინამდვილეში ქუჩის კუთხეში დაგდებული გატეხილი სარკეა. შეხედავ: შენ აღარ ხარ. შეხედავ მეორედ: უკვე აღარავინ არის. და სადღაც, ამ ორ მზერას შორის, თეთრი ყვავი აფრინდება. მისი ფრთის ერთი მოძრაობა სხვა ქალაქში ვიღაცის ფანჯარას ჩაამსხვრევს. პეპლის ეფექტი — სიკვდილმა ერთხელაც რომ დაახველოს, სამყაროს ფილტვებიდან გაზაფხული ამოვარდება. მე მინახავს ეფემერები. პატარა, ერთდღიანი არსებანი, რომლებმაც დაბადებიდანვე იციან, რომ საღამოს აღარ იქნებიან. და მაინც დაფრინავენ. აი, ეს არის სიგიჟის ყველაზე სუფთა ფორმა: იცოდე, რომ დასრულდები და მაინც იცხოვრო ისე, თითქოს ღმერთს ჯიბიდან ხვალე მოპარე. გრანელმა იცოდა ეს. მისი მარტოობა უბრალოდ მარტოობა არ იყო — ისეთი სიჩუმე იყო, რომელსაც კაცის სიკვდილის შემდეგაც კი არ ეყო ოთახი. შენ კი, ედგარ, ღამეს კარს უღებდი და უშვებდი სახლში. მე ღამეს აღარ ვუშვებ. მე მას ქუჩაში ვხვდები. ვაფურთხებ. ისიც მეცინება. შემდეგ ორივე სისხლიანი ვართ. რა აბსურდია ადამიანი: მთელი ცხოვრება ღმერთს ეძებს, ბოლოს კი საკუთარ ჩრდილს ჯიბეში პოულობს. სიკვდილი კი დგას. თეთრი. წყნარი. ლამაზი. და ჩვენ, იმდენი ვილაპარაკეთ სიკვდილზე, რომ ბოლოს მიცვალებულსაც კი შერცხვა, რომ მოკვდა. სიკვდილიც ლამაზი იყო. პოეტებმა დაამახინჯეს. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი