იდეალური
მე იდეალური ვარ. ლექსს ისე ვიწყებ, როგორც ღმერთი იწყებდა სამყაროს — პირველი სიტყვა ჩემია, დანარჩენი კი შეცდომების ბიბლია. მე პოეტი ვარ. სხვებზე ცოტა უფრო ლამაზი, საკუთარ თავზე ბევრად უფრო შეყვარებული, სარკეს რომ ჩავუვლი, სარკე თავს ხრის. მე არ ვწერ ლექსებს. მე მათ ვჭამ. შემდეგ ძვლებს ვფშვნი, მელნად ვაქცევ და ქაღალდზე ვაფურთხებ. რა ლამაზია ეს ყველაფერი. რა დიდებული ნაბიჭვარი ვარ. მეოცნებე. ლამაზი ბიჭი. უხეში ხელებით და ისეთი გულით, რომელსაც შეხება არ უყვარს. ზრდილობიანი? არა. ვერ ვიქნები. ცხოვრებამ ზრდილობა მაშინ დამაკარგვინა, როცა პირველად მომატყუა და მერე მითხრა: — ასე ხდება. ჰოდა, დედამოტყნულია ცხოვრება. მე კი მის ყველაზე ცუდ წინადადებაში ვცხოვრობ. ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები: შენ გენიოსი ხარ. და საკუთარ თავს ვპასუხობ: რა თქმა უნდა, შე ნაბიჭვარო, ვინ უნდა გითხრას ეს, თუ არა შენ? ასე ვესაუბრები საკუთარ თავს, რადგან სხვებს უკვე აღარ ვენდობი. მე იდეალური პოეზია მინდა. ისეთი, რომ სიტყვას კბილები ჰქონდეს, მკითხველს კი სისხლი დარჩეს პირში. ისეთი ლექსი მინდა, რომელიც წიგნიდან კი არა, სხეულიდან ამოვარდეს. ნეკნებს შორის გაჩხერილი შავი დროშასავით. მინდა თავი გავიხლიჩო და იქიდან ერთი კარგი სტრიქონი ამოვიღო. თუ არ გამოვა — კიდევ ერთხელ. პოეზია ხომ ეს არის: მუდმივი ტკივილი, რომელსაც ჯერ კიდევ ლამაზი სახელი აქვს. მე კი ლამაზი სახელები არ მყოფნის. მინდა სისხლი. არა დეკორაციისთვის. სისხლი იმიტომ, რომ სხეული ტყუილს ვერ იტანს. ერთ ღამეს ჩემმა კალამმა თავი მოიკლა. მე კი გვერდით ვიდექი და ვუყურებდი. საწყალი. ეგონა, რომ რაღაცას ამბობდა. არაფერი უთქვამს. ჩვენ ყველანი ასე ვკვდებით — სათქმელი გვრჩება და სიტყვები გვიმთავრდება. ამიტომ ნუ მთხოვთ, რომ კარგი ადამიანი ვიყო. მე ზოგჯერ საკუთარი ჩრდილისაც კი მრცხვენია. ზოგჯერ კი ჩემს ჩრდილსაც ვეუბნები: — შენ მაინც დარჩი. მე დღეს საკუთარი თავის ატანა აღარ შემიძლია. და აი, ამ ადგილას ჩემი მთელი დიდება ინგრევა. არ ვარ ღმერთი. არც გენიოსი. არც ის ლამაზი ნაბიჭვარი, რომელიც თავიდან მეგონა. უბრალოდ კაცი ვარ, რომელსაც ძალიან უნდა, ერთი სრულყოფილი ლექსი დაწეროს, რათა საკუთარი არასრულყოფილება ერთი წუთით მაინც ვერავინ შეამჩნიოს. მაგრამ ტყუილად. მე მინდა იდეალური პოეზია შევქმნა, მაგრამ ეს არ მაქცევს იდეალურ ადამიანად. იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი