ადამიანი, რომელიც საკუთარ დაბადებას დაესწრო
დავიბადე. და ჩემს დაბადებას მოწმედ დავესწარი. დედის ხელებზე — სისხლი. ჩემს პირში — ქაფიანი ნერწყვი. ასე დაიწყო ჩემი მზე. არა ცაში. ხორცში. პატარა, წითელი მზე, რომელიც პირველად დედის სხეულიდან ამოვარდა და სამყაროს თვალებში შეხედვა ვერ გაბედა. ცხოვრებას ჰქონდა დორბლი. ოფლის სუნი. ჩირქი. და სადღაც — ფარტიც. მე მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ სიწმინდესაც აქვს ნაწლავები. ღმერთი ზემოთ არ იყო. ჩემს ჩაბრუნებულ ჭიპში ჰქონდა ჩაკეცილი ცა. იქ დაიწყო მისი პირველი კოსმოგონია — ჭიპში პატარა სიბნელე იდგა, ისეთი ღრმა, რომ დედის სისხლმა იქ ვარსკვლავადაც ვერ მოასწრო გახდომა. ჯერ სხეული მოვიდა. მერე სუნი. მერე შიში. მერე ხმა. მერე სინათლე — და სინათლე მზეს არ ჰგავდა. მზე მე მგავდა. დაბადებამ პირველად ააფეთქა სიჩუმე. მე — მისი ნაპერწკალი. დედა — ცეცხლის პირველი ცა. ჩემი ჭიპლარი — თოკი, რომლითაც ჯერ კიდევ სამყაროს ვეკიდებოდი. სიმართლე ბოლოს შემოვიდა. ფეხშიშველი. დამპალი კბილით. ჩაშავებული ენით. ამოფატრული თვალით. დუმილით. სხეულად — პირველად. მეორედ — როცა პირველად საკუთარ სიკვდილს ხედავ. მესამედ — როცა სიკვდილი შენს სახელს ამბობს — და შენ აღარ გარბიხარ. მე ჯერ მხოლოდ ახალდაბადებული მზე ვიყავი. ჩემი სისხლი ჯერ კიდევ თბებოდა. ჩემმა სულმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მას ოდესმე სახელი ექნებოდა. შემდეგ ვნახე: ჩირქი. ცხვირის ნადები. ყურის ჭუჭყი. განავალი. დორბლი. სხეული ტაძარი არ აღმოჩნდა. მხოლოდ ნანგრევი, რომელშიც ღმერთი ფეხშიშველი ცხოვრობდა. დუმილი. ნოქტურნი. შავი მუსიკა ყურის გარეშე. მკვდრის სუნთქვა — ოთახში დარჩენილი მას შემდეგაც, რაც სხეული წავიდა. მერე აფეთქდა ცა. ახალშობილი ბავშვის ფილტვებივით. და იმ სინათლეში, რომელსაც ჯერ სახელი არ ჰქონდა, პატარა, შიშველი, სისხლიანი ბავშვი ვიდექი. მზეს ვუყურებდი. მზე მე მიყურებდა. და მაშინ — დედის ხელებზე სისხლი აღარ იყო. ცა იყო. პირველი. თბილი. ჯერ კიდევ ცოცხალი. მე კი — მისი პირველი მზე. და როცა პირველად დავიყვირე, სადღაც, ჩემს მიღმა, დრო პირველად შეშინდა. მერე — სიბნელემ საკუთარი სახელი დაკარგა. და მზე ამოვიდა. ჩემიდან. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი