მოგზაურობა საკუთარ თავში
საკუთარ თავში შესასვლელი კარი არ არსებობს. არის მხოლოდ ჭრილობა. შევედი. იქ ჩემი ბავშვობა იწვა — მუმიად ქცეული, ოქროს სარკოფაგში, თვალებზე კი ჯერ კიდევ ეწერა: არ დაივიწყო, რომ ოდესღაც ცოცხალი იყავი. გავაგრძელე გზა. ჩემში მთელი ლაბირინთი იყო. კედლებზე — უცნობი იეროგლიფები, სარკეებში — უცხო სახეები, და ყოველი სახე მე ვიყავი. ერთ კუთხეში ეგო იჯდა, როგორც პატარა დიქტატორი, და საკუთარ გვამს ულოცავდა დაბადების დღეს. გავიცინე. შემეშინდა ჩემი სიცილის. შემდეგ სიჩუმე მოვიდა — იაპონურად, ფეხაკრეფით, როგორც თოვლი მარტის ბოლოს. და მაშინ ჩემს თავში საათმა უკან დაიწყო სიარული. თორმეტი. თერთმეტი. ცხრა. ბანანი. არარსებული ოთხშაბათი. კედელმა მკითხა: — რამდენი კილოგრამი ჰქონდა შენს ბავშვობას? ვუპასუხე: — ლურჯი. ამ პასუხმა კარი გააღო. იქ არც ოთახი იყო, არც კარი. იყო მხოლოდ უზარმაზარი თვალი, რომელსაც საკუთარი თავი ჰქონდა დაკარგული. თვალში შევედი. იქიდან გამოვედი. მაგრამ ვინ გამოვიდა — ამის დადასტურება შეუძლებელია, რადგან ჩემი სახელი იმ წამს მარცხენა ხელად გადაიქცა, ხოლო მარცხენა ხელი პეპელასავით გაფრინდა. ცაზე სამი ეგვიპტური ღმერთი ერთმანეთს ედავებოდა ჩემი ჩრდილის მემკვიდრეობაზე. მე კი მიწაზე ვიდექი და ქვებს ვითვლიდი: ერთი — არარსებული. ორი — ზედმეტი. სამი — მე. მეოთხე ქვა ალაპარაკდა: — მოგზაურობა დასრულდა. მე ვკითხე: — სად? ქვამ გაიღიმა. სარკეში შევედი. სარკე დაიმსხვრა. მე — არა. ნამსხვრევებში მხოლოდ ერთი სიტყვა დარჩა: სად? მე ვუპასუხე: არ ვიცი. და უცებ ჩემი უცოდინრობა ყველაზე ზუსტი რუკა აღმოჩნდა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი