ლაქაში, ანუ ღმერთის დავიწყებული ენა


ქარს ერქვა ქარი,
წყალს — წყალი,
ხოლო ადამიანს —
დაუმთავრებელი ღმერთი.

დედამ პირველად რომ დამინახა,
შუბლზე ცვარი დამადო
და მითხრა:

— ნუ გაიზრდები.

მე მაინც გავიზარდე.

გავხდი ჭინჭარი
სხვის ხელში,
ლაქაში —
სხვის ეზოში,
ძეძვი —
საკუთარი გულის კართან.

და ვისაც ჩემი მოფერება უნდოდა,
ყველას სისხლი დარჩა ხელებზე.

შემდეგ მწყერი გადმოფრინდა
დაკარგული ვარსკვლავიდან.

არ ჭიკჭიკებდა.

და გაფრინდა.

მე გზას გავყევი.
ფეხქვეშ ძეძვი სისხლს მახდევინებდა,
თავზე კი ცარიელი ცა მედო.

გავედი იქამდე,
სადაც ღმერთებსაც ავიწყდებათ
საკუთარი სახელები.

მაშინ მიწამ მითხრა:

— დაბრუნდი.

მე ვკითხე:

— სად?

და პირველად გავიგე ჩემი ნამდვილი სახელი.

ის ხმა არ ყოფილა.

ის იყო სიჩუმე, რომელმაც ღმერთი გამახსენა.

ლაქაში.


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი