შატილი


არღუნი ცას ხევს — ღმერთს ჩრდილი ეცემა,
შატილი კი ქვას თესავს ჯოჯოხეთის ბაღებში;
მკვდრები მიწიდან ამოდიან თავდაყირა —
თავისუფლების დასამარხად მოსულებს
საფლავებს უთხრიან.

შატილი დგას, როგორც აბსურდი, რომელსაც სიკვდილიც ვერ ხსნის;

აქ მიწაა ზემოთ,
ცა — სამშობლოს სისხლში,
აქ ჯოჯოხეთიც ქართულად ითხოვს თავშესაფარს,
და სიკვდილი კოშკის კართან ფეხსაცმელს იხდის.
შიგნით შესვლას ვერ ბედავს.

მთვარე — ჩამოხრჩობილი ზარი,
ღამე საკუთარ გვამს მიათრევს ხეობაში;
ერთი კოშკიდან ბავშვი ხელს
უწვდის მომავალს —
და დრო, ამ შეშლილმა,
საკუთარ კუდს უკბინა.

შატილო, შენს ერთ ქვაში იმდენი საქართველოა,
ეშმაკი კართან ჩერდება
და ქართულად ლოცულობს;

რუკა სირცხვილისგან იკეცება.

შენი ერთი ქვა რომ სამშობლოს მოსწყვიტო,
მიწა კი არ დაიცლება —
დედამიწას დაავიწყდება,
როგორ იდგეს ფეხზე
და პირველად გაიგებს,
რომ თავისუფლებას
სიმძიმის ცენტრი აქვს.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი