ჰორიზონტის ესქატოლოგია


მეზობელმა აივანზე ზღვა გააშრო,
მარილი კი ქილებში შეინახა,
რომ ზამთარში
წვნიანისთვის დაემატებინა
ცოტა ჰორიზონტი.

მე იმ დღეს პირველად ვნახე,
როგორ ბერდება კიბე
ზემოთ ასვლის გარეშე.

კიბის ბოლოში ბავშვი იჯდა
და ქაღალდისგან ამზადებდა ცხენებს.

თითოეულს თავისი ქვეყანა ჰქონდა,
მაგრამ საზღვარს ვერ ავლებდნენ —
ფანქარი ყოველთვის ტყდებოდა იქ, სადაც ყველაზე ლამაზი იყო.

შუადღეს მზე ჩამოვიდა,
საპარიკმახეროში შევიდა
და თავისი სხივები შეიჭრა.
სარკეში ჩაიხედა,
მერე დიდხანს იდგა ჩუმად,
თითქოს პირველად დაინახა
ვიღაც, ვისაც აღარ უნდა დამსგავსებოდა.

საღამოს მზე წავიდა,
მაგრამ სარკეში დატოვა
პატარა ნაპრალი.

მეზობელმა მარილი მოაყარა,
რომ დილამდე არ დამპალიყო
ის ჰორიზონტი,
რომელიც არასოდეს უნახავს.

ბავშვმა ერთი ცხენი ჯიბეში ჩაიდო
და სახლში ავიდა.
კიბე კი დარჩა —
პირველად ცხოვრებაში
ზემოთ აღარ ეშინოდა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი