ქალაქი, რომელიც შიგნიდან თოვდა
ღამე მარცხენა თვალით შემოვიდა სახლში, მარჯვენა კი ქუჩაში დარჩა — ვიღაცის სიკვდილისთვის დაეჭირათ მუნიციპალური ვარსკვლავები. მე იმ დროს პურს ვასაფლავებდი. პური იყო ჩემი უკანასკნელი ნათესავი, მას ჰქონდა შვიდი პასპორტი, არცერთი დაბადების ადგილი და ერთი ისეთი სიჩუმე, რომელშიც მატარებლები ფეხით გადადიოდნენ. კედელზე ეკიდა საათი, რომელსაც დრო არ ჰქონდა — მხოლოდ თორმეტი პატარა კარი, თორმეტივე დაკეტილი შიგნიდან. ვიღაც აკაკუნებდა. — ვინ არის? — ხვალინდელი შენი წინაპარი. — რისთვის მოხვედი? — გუშინდელი შენი სიკვდილი არასწორად დამარხეს. გავაღე. კართან იდგა მოხუცი ბავშვი, სახეზე ამოსვლოდა წვიმის ულვაში, ხელში ეჭირა ჩემი ბავშვობის დაუწერელი ანდერძი. მითხრა: შენ არასოდეს დაბადებულხარ აქ, აქ მხოლოდ შენი არყოფნა გააჩინეს, შენ კი გაიზარდე, როგორც იზრდება სარდაფში დავიწყებული ელვა. მერე ქუჩა ამობრუნდა. სახლები სახურავებით დადიოდნენ, ძაღლები ყეფდნენ უხმოდ, ხოლო მდინარეს, რომელიც მთაში იწყებოდა, ქალაქის შუაგულში დაღლილი სათავე ჰქონდა. იქ იჯდა ღმერთი, პლასტმასის სკამზე, და საკუთარ ჩრდილს უკერავდა ღილებს. მის გვერდით სამი ანგელოზი კბილის ტკივილით ლოცულობდა. მეოთხე კი, ყველაზე უფროსი, ქართულ ანბანში ეძებდა იმ ასოს, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს აპატიებდა. ვერ იპოვა. მაშინ ცამ ჩამოიღო ქუდი და დედამიწას გაუწოდა მოწყალება — ერთი მუჭა ნაცარი, ორი ცალი გაუგონარი ხმა და წერილი, რომელზეც ეწერა: ვისაც არ გახსოვთ, რომ არსებობდით, გთხოვთ, ხვალ აღარ მოხვიდეთ. მე წავედი. ჩემი ჩრდილი უკან გამომყვა, მაგრამ გზაში დაბერდა და რომელიღაც ეზოში სხვისი მამა გახდა. მზეს იმ ღამეს არ ამოუხედავს. მისი ცხედარი ჰორიზონტზე ესვენა, და ჩიტები, შავი თეთრი ჩიტები, ციდან კი არა — მიწის მეხსიერებიდან მოფრინავდნენ. ერთი მხარზე დამაჯდა და ყურში ჩამჩურჩულა: შენში ცხოვრობს კაცი, რომელიც შენამდე მოკვდა, შენ შემდეგ დაიბადა და დღემდე ვერ გპატიობს, რომ მისი სახელი შენ დაირქვი. მაშინ პირველად გამეცინა. ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ ქუჩის ყველა ფანჯარაში პატარა ზღვები ამოტივტივდნენ, ზღვებში — რკინის თევზები, თევზებში — ჩემი გარდაცვლილი დღეები, დღეებში კი — ერთი ქალი, რომელიც არასოდეს შემხვედრია და მაინც მთელი ცხოვრება ჩემს დაბრუნებას ელოდა. მივედი მასთან. არ ჰქონდა სახე. არც ხელები. მხოლოდ მკერდზე ეხატა კარი, კარს მიღმა კი ვიღაც ტიროდა ჩემი ხმით. — ვინ ტირის? — ვკითხე. — ის, ვინც შენგან დარჩა, — მითხრა ქალმა, — როცა საკუთარი თავი სხვებს დაურიგე. და უცებ მივხვდი: სიკვდილი თურმე წასვლა კი არაა, სიკვდილი ის ოთახია, რომელშიც ყველა შენი სახელი შედის და უკან ვეღარ გამოდის. დილით ქალაქი აღარ არსებობდა. მის ადგილას იდგა ერთი ხე, ფესვებით ცისკენ, ტოტებით მიწის ქვეშ, ხოლო მის ყველაზე მაღალ ფოთოლზე პატარა, დაუბადებელი ღმერთი ჩემს სახელს სწავლობდა. მე კი, მე უკვე აღარ მერქვა არაფერი. და სწორედ მაშინ ჩემში გაიღვიძა იმან, ვისი არყოფნაც მთელი ცხოვრება საკუთარ არსებობად მიმაჩნდა. მან თვალები გაახილა. სამყარო პირველად შიგნიდან დათოვა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი