ეგოს ნეკროპოლი
ჰეი, პოეტო. ნუ ჩქარობ წერას. სიტყვები ყველგან ყრია - ქუჩის ქვებზე, დაღლილ სახეებზე, ადამიანების ჩუმ მარცხებში. მაგრამ ყველა სიტყვა ლექსად არ იქცევა. ზოგი უბრალოდ ხმაურია, რომელსაც საკუთარი სიცარიელე ვერ დაუმალავს. თუ ოდესმე შეხვდები ჩემს ეგოს, ნუ შეხედავ თვალებში. იქ შენს სახეს დაინახავ. ის ავად მოსული დამლაშებული ჩრდილია, რომელმაც ღმერთიც დაკარგა და საკუთარი სახელიც. ის შენს ოთახში ჩუმად შემოვა, სარკეს კი არ დაგანახებს - სარკეს გაგიტეხავს. რადგან ზოგი სიმართლე ანარეკლში ვერ ეტევა. ის შენი შიშებით იკვებება, შენი დაუწერელი სიტყვებით იზრდება, და როცა იფიქრებ, რომ საბოლოოდ დამარხე - მისი ხმა პირველად გაისმის. იქ იბადება უსარკო კაცი - ადამიანი, რომელსაც აღარ სჭირდება საკუთარი სახის დამტკიცება სამყაროსთვის. ის აღარ ეძებს ანარეკლს, რადგან საკუთარ სიღრმეში იპოვა თავი. იქ იწყება ადამიანის შინაგანი არქეოლოგია. არა მიწის ქვეშ დამარხული ძვლების ძებნა, არამედ იმ სახეების გათხრა, რომლებიც საკუთარ თავზე წლების განმავლობაში აგვიშენებია. პირველ ფენაში იპოვი ნიღბებს - იმ ადამიანებს, რომლებიც გვეგონა, რომ ვიყავით. მეორე ფენაში იპოვი ილუზიებს - იმ სიმართლეებს, რომლებისაც მხოლოდ იმიტომ გვჯეროდა, რომ მათი დაკარგვის გვეშინოდა. და ყველაზე ღრმა ფენაში, სადაც ხმაურიც კი კვდება, იპოვი საკუთარ თავს. არა იმ სახეს, რომელსაც სამყაროს აჩვენებდი, არამედ იმას, რომელიც ყოველთვის ჩუმად გელოდა. იქ არ არის მეფე. იქ არ არის მსაჯული. იქ მხოლოდ ადამიანი დგას - შიშველი საკუთარი სიმართლის წინაშე. და სწორედ იქ ხვდები: ზოგჯერ საკუთარი თავის პოვნა არ ნიშნავს რაღაცის აღმოჩენას. ზოგჯერ ეს ნიშნავს ყველაფრის მოცილებას, რაც შენ არ იყავი. ჩემი ეგო მეფე არ არის. ის ტახტია, რომელზეც დამარცხებული მეფე ზის. ის ჭრილობაა, რომელმაც სისხლის ნაცვლად ენა გამოიღო. ის საკუთარ თავს კლავს ყოველ ღამე, რომ დილით ერთი ნამდვილი სიტყვა დატოვოს. ნუ ენდობი, პოეტო. ის არ მოვა მუზის სახით. ის მოვა მაშინ, როცა ყველა დაგტოვებს. მოვა შენი ყველაზე ცუდი ფიქრებით, შენი დამალული სირცხვილით, შენი იმ ნაწილით, რომელსაც სხვებს არასოდეს აჩვენებ. და ჩაგჩურჩულებს: „ახლა დაწერე.“ რადგან ლექსი არ იბადება იქ, სადაც ადამიანი გამარჯვებულია. ის იბადება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ნანგრევს უყურებს და მაინც ამბობს: „ეს მე ვარ.“ ეს არის ნანგრევიდანთქმა - პირველი სიტყვა ნანგრევებიდან, როცა ძველი ადამიანი დასრულებულია, მაგრამ ახალი ჯერ კიდევ ტკივილში იძერწება. ჰეი, პოეტო. დაიმახსოვრე: დიდი ლექსი არ იწყება კალმით. ის იწყება იმ წამს, როცა ავტორი თავის ძველ თავს საკუთარი ხელით ასაფლავებს. და იმავე მიწიდან, სადაც მისი ძველი ეგო დაიმარხა, ამოდის პირველი ნამდვილი სიტყვა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი