მერვე კედელი


შენში ისეთი სიჩუმე ცხოვრობს, რომ ჩემი ყველა უთქმელი სიტყვა იქ ჩასახლდა და შვილები გააჩინა.

მე შენ ისე გელოდები, როგორც ჩამომხრჩვალი თოკი ელოდება ადამიანს, რომელიც მას თავისუფლებისთვის გამოიყენებს. ჩემს მკერდში ჯოჯოხეთმა გათბობის ქვაბი დადგა და ეშმაკებს პირველად დაურიგა ბავშვობის ხელთათმანები.

შენ ჩემი სულის ის მოტეხილი კიბე ხარ, რომელზეც ანგელოზები ჩამოდიან, რათა ადამიანური სიკვდილი ისწავლონ. შენ ხარ ის უკანასკნელი პური, რომელსაც ღმერთი ჯოჯოხეთში მალავს, რომ ეშმაკებმა შიმშილით არ დაივიწყონ ადამიანობა.

მახსოვს ჩვენი კოცნა — ორი უსასრულობის შემთხვევითი შეჯახება იყო; მას შემდეგ სამყაროს ერთი განზომილება აკლია. ალბათ, ის განზომილება ჩვენში დარჩა, როგორც სამშობლო, რომელშიც ვეღარასოდეს დავბრუნდებით.

ახლა ღამეებს შენი სახელით ვათბობ. დილაობით კი ფანჯარას ვაღებ — იქნებ სამყაროს შემთხვევით გამოჰყვე. ოღონდ არ მოხდეს ისე, რომ ერთ დღეს მზემ ამომიხსნას, რატომ თენდება უშენოდ; მეშინია, პასუხი რომ გავიგო, გათენებაც ვეღარ შევძლო.

მე შენ ისე მიყვარხარ, რომ სიკვდილს ჩემი დაკრძალვისას შავი კუბოს ნაცვლად წითელი აკვანი მოაქვს — შენამდე ვერ მოვასწარი დაბადება.

შენი არყოფნა ოთახში ჩამოკიდებული მერვე კედელია — ყველა ხედავს, მაგრამ ვერავინ გადის.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი