ღმერთის საყვარელი ანგელოზი ანუ სატანა
ღმერთს ორი საყვარელი ანგელოზი ჰყავდა: მიქაელი და სატანა. ერთი მის მარჯვნივ იდგა, მეორე — მის წინააღმდეგ. ორივეს ერთი სახე ჰქონდა, ოღონდ ღმერთმა ერთს ფრთები დაუტოვა, მეორეს კი ჩრდილი აჩუქა. მიქაელი ღმერთს ემორჩილებოდა. სატანა ღმერთს ჰგავდა. აი, ეს იყო მისი პირველი ცოდვა. ღმერთს უყვარდა მორჩილება, მაგრამ სატანაში საკუთარი სიჯიუტე უყვარდა. ორივე ქმნიდა სამყაროს, ანგრევდა და შემდეგ საკუთარ ქმნილებებს ადანაშაულებდა. ღმერთი წარღვნას უწოდებდა განაჩენს, სატანა — თავისუფლებას. ორივეს ხელზე ერთი და იგივე სისხლი შრებოდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ღმერთს სამსხვერპლო ჰქონდა, სატანას — სასაკლაო. — რატომ მიღალატე? — ჰკითხა ღმერთმა. — შენგან ვისწავლე, მამა. და ზეცაში პირველად გაისმა ისეთი სიჩუმე, რომ მკვდრებმა ყურები აიფარეს. ღმერთმა შვილი სამოთხიდან გამოაგდო. მაგრამ არ მოუკლავს. მამამ შვილი არ მოკლა. მამამ საკუთარი შეცდომა სამყაროს მიუსაჯა. მიქაელს სატანის შეპყრობა უბრძანეს. წავიდა. იპოვა ჯოჯოხეთის კართან, სადაც სატანა საკუთარ ფრთებს წვავდა და კვამლში დაკარგულ ბავშვებს სახელებს არქმევდა. — ისევ მამას ებრძვი? — ჰკითხა მიქაელმა. — არა. საკუთარ თავს ვებრძვი. მამაჩემი უბრალოდ ძალიან მგავს. მიქაელმა ხმალი დაუშვა. მას სატანა სძულდა, მაგრამ იმაზე მეტად ებრალებოდა, ვიდრე ღმერთს შეეძლო ამის გაგება. — წამოდი, — უთხრა. — სად? — სახლში. სატანამ გაიცინა. — შენ მართლა გჯერა, რომ ჯოჯოხეთი აქ არის? მიქაელმა ზეცას ახედა. — ზოგჯერ. მაშინ სატანამ პირველად იტირა. ცრემლი სისხლისფერი ჰქონდა. ღმერთის ცრემლიც ასეთი იქნებოდა, ღმერთი რომ ოდესმე ატირებულიყო. მაგრამ ყველაზე საშინელი ჯერ არ მომხდარა. ერთ დღეს ღმერთი სარკის წინ დადგა. დიდხანს უყურებდა საკუთარ სახეს. ღმერთმა სარკეს შეაფურთხა. სარკემაც. ღმერთმა საკუთარი სახე მოიწმინდა. სარკემ — ღმერთის. და მაშინ მიხვდა: სატანა არ შეუქმნია. სატანა საკუთარი სახიდან ჩამოუვარდა. დრო შეტრიალდა. ჯერ ქრისტე დაიბადა, შემდეგ ადამი, შემდეგ ღმერთი, ბოლოს კი — სიცარიელე, რომელსაც საკუთარი თავი მამად ახსოვდა. ჯოჯოხეთში ახალი წარწერა გაჩნდა: „ღმერთი აქ არ ცხოვრობს. ის მხოლოდ საკუთარ თავს სჯის.“ ხოლო სამოთხის კარიბჭესთან მიქაელი დღემდე დგას. ხმალი უჭირავს. მაგრამ სატანის მოსვლისას ყოველთვის ზურგს უკან მალავს. რადგან მიქაელმა იცის ის, რაც ღმერთს არასოდეს ეყოფა გამბედაობა აღიაროს: ეშმაკი ღმერთის დაცემული ანგელოზი კი არ არის — ის ღმერთის ერთადერთი შვილია, რომელმაც მამას დამსგავსება დანაშაულად ჩაუთვალა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი