უტრილოს სიგიჟეში


მე შევედი უტრილოს სიგიჟეში — კარზე არ დამიკაკუნებია, იქ კარებს შიგნიდან კეტავენ. ქუჩები მთვრალი კედლებივით ირყეოდნენ, სახლები ცას ეყრდნობოდნენ, თითქოს ღმერთს თავბრუ დაეხვა. ერთ ფანჯარაში მოხუცი საკუთარი დაბადების დღის დაკრძალვას ესწრებოდა, მეორეში კი ბავშვი ჯერ კიდევ არდაბადებულ დედას ეძახდა.
 
მე დავდიოდი და ვგრძნობდი, როგორ მეშლებოდა გონება ფეხსაცმელებიდან. ცა თეთრი იყო, როგორც ცარიელი თავის ქალა. ეკლესიის ზარები რეკავდნენ არა ადამიანებისთვის, არამედ იმ წუთებისთვის, რომლებიც არასოდეს დამდგარა.
 
ერთ ქუჩაზე ჩემი გონება შემხვდა. მათხოვარი იყო. მოწყალება მთხოვა.
 
— რა გინდა? — ვკითხე.
 
— ცოტა რეალობა, — მიპასუხა.
 
ჯიბეები მოვიქექე. მხოლოდ სიგიჟე მქონდა.
 
და მივეცი.
 
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი