დროშების სასაფლაო
მე არ ვკლავ ღმერთის სახელით. არც სამშობლოს სახელით. არ ვარ პატრიოტი. არცერთი ქვეყნის შვილი არ ვარ. დაბადებისას არცერთ ქვეყანას არ ჩავბარებივარ. ჩემს სისხლში საზღვრები არ გადის. ჩემს ძარღვებში ოკეანეები მოძრაობენ. ჩემი პასპორტი ცაა, ჩემი მოქალაქეობა — სიცოცხლე. მე მინახავს, როგორ კლავენ ღმერთს მისი სახელით, როგორ აუპატიურებენ მიწას სამშობლოს სახელით, როგორ ჰკიდებენ დროშას ადამიანის დამწვარ სხეულზე და ამას გამარჯვებას უწოდებენ. რა აბსურდია — ადამიანი კლავს ადამიანს იმ მიწისთვის, რომელიც ორივეს დამარხავს. მე არ მინდა შენი საზღვარი. არ მინდა შენი ომი. არ მინდა შენი დიდება, რომელსაც სასაფლაოს სუნი ასდის. ჩემი გული ყველა ქვეყნის გარეთ ფეთქავს. ჩემი სისხლი ყველა ენაზე იღვრება. ჩემი სიძულვილი არავის ეროვნებას არ ცნობს, ჩემი სიყვარული კი ყველა საზღვარს არღვევს. მე დედამიწის ხორცი ვარ, კოსმოსის შავი ჭრილობიდან ამოვარდნილი ერთი წამიერი ცეცხლი. და თუ ოდესმე არჩევანს მაიძულებენ — დროშასა და ადამიანს შორის, დროშას დავწვავ. ჩემი სამშობლო დედამიწაა. ჩემი ეროვნება — ადამიანი. ჩემი საზღვარი — იქ, სადაც სხვისი სიცოცხლე იწყება. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი