კოდალა
კოდალა ხეს ნისკარტს ურტყამს და არ იცის, რომ ყველაზე საშიში ჭრილობები შიგნით ჩნდება. მისი ენა თავის ქალის გარშემო შემოხვეულა, თითქოს ბუნებამ წინასწარ იცოდა, რომ ზოგჯერ სამყაროსთან შეჯახებისას საკუთარი თავის გადარჩენა საკუთარი თავის შიგნით დამალვით შეიძლება. მაინტერესებს, ადამიანებსაც რომ გვქონდეს ასეთი ენა, რამდენჯერ გადავურჩებოდით საკუთარ დარტყმებს? ჩვენ კი შიგნით არაფერი გვიცავს. ყოველი შეჯახების შემდეგ რაღაც გვწყდება, რაღაც გვიბნელდება, რაღაც უსახელო გვრჩება ნეკნებს მიღმა. გარედან ისევ ვაგრძელებთ კაკუნს, თითქოს ხე იყოს დამნაშავე, რომ ჩვენს შუბლზე სამყაროს ფორმა არ მოერგო. კოდალა ხეს იმიტომ არ ურტყამს, რომ სძულს. იქ ეძებს სიცოცხლეს, რომელსაც ქერქი მალავს. ადამიანი კი ზოგჯერ მთელ სიცოცხლეს ურტყამს იმას, რაც უყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ შიგნით დამალული საკუთარი სიცარიელის ხმა გაიგონოს. და მაინც, ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენ შორის ის კი არ არის, რომ კოდალას თავის ქალის გარშემო ენა ეხვევა, ჩვენ კი არა. არამედ ის, რომ კოდალა ყოველი დარტყმის შემდეგ ხეს შორდება. ადამიანი კი ხშირად იქვე რჩება, ნისკარტდაბლაგვებული, და საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ეს უკვე კარია. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)