ტკივილის ვნება
მე იმ მოდგმისა ვარ, საკუთარ ნანგრევებში რომ ყვავილებს ახარებს და მერე, როცა აყვავდებიან, ფეხით თელავს, მხოლოდ იმის გასაგებად, გაუძლებენ თუ არა სილამაზეს. სანაგვის ბუნაგშიც მიპოვია ისეთი მშვენიერება, რომლის წინაშეც მუზეუმების მარმარილო უხერხულობისგან ფერს იცვლის. მე ნარჩენების არისტოკრატი ვარ, გადაგდებული ნივთების უკანასკნელი აღმსარებელი. ტკივილი ჩემი საყვარელი ხულიგანია. ღამით კეფაზე ჩამომიჯდება, უხილავი ჭიქით ღვინოს მისხამს და ჩამჩურჩულებს: ჯერ კიდევ ვერ მოგკალი, შე ნაძირალავო! მეც ვიცინი. ჩემი სიცილი ისეთი ბზარია, იქიდან მკვდარი ვარსკვლავები ცვივა. ზოგჯერ საკუთარ თავს ვაფურთხებ, მერე იმავე ნერწყვში ირმის ნახტომს ვეძებ. კაცმა საკუთარ სულს თუ არ უღალატა, აბა, ვის უნდა ენდოს ამ მოღალატე სამყაროში? მე ადამიანების უთქმელ ენერგიას ვსვამ. ჩამქრალი თვალებიდან ვიპარავ უკანასკნელ ნაპერწკლებს, მიცვალებულთა დუმილს ვღეჭავ, ქუჩის ლამპიონებთან მიტოვებულ სევდას ჯიბეში ვიდებ. ენერგოვამპირი ვარ, მაგრამ კბილები არ მაქვს, სისხლს მხოლოდ მოგონებებიდან ვწოვ. ერთხელ სანაგვეში გადაგდებულ სარკეში ჩავიხედე. იქ ისეთი მშვენიერი ურჩხული დამხვდა, რომ სირცხვილისგან მთვარე ღრუბელს ამოეფარა. წამით შემშურდა კიდეც მისი. ნაგავსაც აქვს თავისი მეტაფიზიკა: გადაგდებული საგნები ყველაზე უკეთ ინახავენ სამყაროს ნამდვილ ისტორიას. გატეხილ ფინჯანში შეიძლება მთელი ცივილიზაციის უკანასკნელი ყლუპი იდოს. სამყაროს კანონებთან დიდი ხანია ვიჩხუბე. ნიუტონს პირადად ვერ შევხვდი, თორემ იმ ვაშლს უკან შევტენიდი, რომლითაც კაცობრიობას თავში აზრი დაეცა. მიზიდულობა? რა თავხედობაა, სხეულს უბრძანო, სად უნდა დაეცეს! დაე, პლანეტებმა ორბიტები მიატოვონ, დრომ საკუთარ კუდს უკბინოს, სივრცემ კი საკუთარი ჭიპი გადაიჭრას და უსასრულობა ნაადრევად შვას, მე აღარ ვაპირებ სამყაროს საშვილოსნოში გამოზრდას. მინდა სამყაროს გარეთ მისი დაკრძალვის ცერემონიალს დავესწრო; ფიზიკის უკანასკნელი განტოლება შუბლით შევამტვრიო და იქ გავიდე, სადაც ღმერთსაც კი არ სმენია ჩემი სახელი. იქნებ ტკივილი ჭრილობა კი არა, სამყაროს შავი ჭიპია, საიდანაც ყველაფერი იწყება და სადაც ყველაფერი ბრუნდება. იქნებ საკუთარი თავის დამმარხველი ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია მიწის ქვეშიდან ცას შეხედოს. მე კი ჯერ არ მოვმკვდარვარ. ჯერ კიდევ იმდენი სიბნელე მაქვს, მისგან მთელი ცის კამარა შემიძლია გამოვაცხო. და თუ ოდესმე ჩემს საფლავთან ყვავილი ამოვა, ნუ მორწყავთ. მიწამ იცის, ვის რას უმალავს. ჩემი ცრემლებიც ეყოფა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)